გარემოს დაცვის სამინისტრომ გუდამაყრის ხეობაში „არაგვი ჰესისა“ და „არაგვი 1 ჰესის“ მშენებლობაზე კომპანიას უარი უთხრა
გარემოს დაცვის სამინისტრომ გუდამაყრის ხეობაში „არაგვი ჰესისა“ და „არაგვი 1 ჰესის“ მშენებლობაზე კომპანიას უარი უთხრა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გუდამაყრის ხეობაში „არაგვი ჰესი“ და „არაგვი 1 ჰესის“ წარდგენილი პარამეტრებით მშენებლობაზე კომპანია „სოლო ენერჯის“ უარი უთხრა.

სამინისტრომ ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის პროექტი განიხილა და ჰესის მითითებულ არეალში და წარდგენილი პარამეტრებით მშენებლობაზე უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღო.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ჰესების მშენებლობა საფრთხეს უქმნიდა ხეობის ლანდშაფტს.

„დღეს სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება და უარი ეთქვა კომპანიას ჰესების მშენებლობაზე. „არაგვი ჰესი“ და „არაგვი 1 ჰესი“ საფრთხეს უქმნიდა იმ ლანდშაფტი​ს ბუნებრივი მემკვიდრეობის შენარჩუნებას, რაც ამ ხეობაშია, ვსაუბრობ ფლორის უნიკალურობაზე, წითელი ნუსხის სახეობებზე და ა.შ. პროექტი სამინისტრომ ზედმიწევნით დეტალურად განიხილა, რადგან ენერგეტიკის პოტენციალის გამოყენებას დიდ პრიორიტეტად მივიჩნევთ, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს ბუნების ხარჯზე. ვერ დავინახეთ სათანადო დასაბუთება წარმოდგენილ პროექტებში. ამიტომ, ეს ჰესები ასეთი პროექტებით ვერ განხორციელდება“, – განაცხადა დავითაშვილმა.

მისი თქმით, პროექტი წინააღმდეგობაში მოდის სამინისტროს მიერ პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტთან, რაც ამ ტერიტორიაზე  არაგვის დაცული ლანდშაფტის​ შექმნას უკავშირდება.

სოფლის მეურონეობის სამინისტრო განმარტავს, რომ ,,არაგვი ჰესი“ და „არაგვი 1 ჰესის” მშენებლობა არაგვის გეგმარებითი დაცული ტერიტორიების საზღვრებში იგეგმება. არაგვის გეგმარებითი დაცული ლანდშაფტი კი, იქმნება გუდამაყარში, ფშავსა და პირაქეთა ხევსურეთში ბიოლოგიური მრავალფეროვნებით, ისტორიული და კულტურული თვალსაზრისით გამორჩეული ტერიტორიების დაცვის, აღდგენის და გონივრულ გამოყენების მიზნით.

„ფლორისა და მცენარეულობის თვალსაზრისით, ფშავ-ხევსურეთი ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი მხარეა საქართველოში. საქართველოს ფლორის მეოთხედი და კავკასიის მცენარეთა სახეობების ერთი მეექვსედი გვხვდება ფშავ-ხევსურეთში. აქ წარმოდგენილი ფლორის 20-ზე მეტი სახეობა შესულია საქართველოს წითელ ნუსხაში. ფშავ-ხევსურეთში ასევე გვხვდება რეგიონული მასშტაბით ისეთი იშვიათი სახეობები, რომლებიც კავკასიაში თავიანთი მსოფლიო არეალისგან იზოლირებულად იზრდებიან. ენდემიზმის დონე (ენდემურ სახეობათა პროპორციული რაოდენობა) განსაკუთრებით მაღალია მცენარეთა სახეობებს შორის. ფშავ-ხევსურეთის ფლორა შეიცავს საქართველოს 11 და კავკასიის 230-ზე მეტ ენდემურ სახეობას, რაც ნიშნავს, რომ ფშავ-ხევსურეთში გავრცელებულ მცენარეთა სახეობების 22.5 პროცენტი საქართველოს ან კავკასიის ენდემია. გარდა ამისა, მინიმუმ რვა მათგანი მეტად იშვიათი სახეობების კატეგორიას განეკუთვნება“, – განმარტავს სამინისტრო.

ამასთან, უწყების ინფორმაციით, გეგმარებითი დაცული ტერიტორიების დაარსების მიზნითმ მომზადებულია კანონპროექტი ,,არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“. კანონპროექტის მე-3 მუხლის თანახმად, არაგვის დაცული ლანდშაფტი იქმნება ეროვნული მნიშვნელობის მქონე, მაღალი ესთეტიკური ღირებულებით გამორჩეული, როგორც ბუნებრივი, ისე ადამიანისა და ბუნებრივი გარემოს ჰარმონიული ურთიერთობის შედეგად ჩამოყალიბებული ბუნებრივ-კულტურული ლანდშაფტის დაცვის, სასიცოცხლო გარემოს შენარჩუნების, რეკრეაციულ-ტურისტული და ტრადიციული სამეურნეო საქმიანობისთვის.

„დაგეგმილი ჰესის მშენებლობა გამოიწვევს ბუნებრივი ლანდშაფტების პირვანდელი სახის შეცვლას და უარყოფით ზეგავლენას იქონიებს იქ გავრცელებულ ბიომრავალფეროვნებაზე.

ჰესის განთავსება დაიგეგმა გეგმარებითი დაცული ტერიტორიების საზღვრებში ისე, რომ შეფასების საწყის ეტაპზე არ იქნა განხილული გარემოსდაცვითი თვალსაზრისით შესაბამისი ალტერნატივები და არ შეფასდა გარემოზე მოსალოდნელი ზემოქმედების რისკები, განსაკუთრებით გეგმარებით დაცულ ტერიტორიაზე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ზეგავლენის ასპექტები, რაც მიუთითებს იმაზე, რომ პროექტის დაგეგმვის საწყის ეტაპზე განსაკუთრებული აქცენტები არ გაკეთდა ბიომრავალფეროვნებისა და წყლის რესურსების შეფასებაზე. ეს კი, ნიშნავს რომ პროექტის განხორციელება დაგეგმილია გარემოსდაცვითი თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი ასპექტების შეფასების, შესწავლის გარეშე. აქედან გამომდინარე, სამინისტრომ გასცა უარყოფითი გადაწყვეტილება, ჰესის ამ არეალში და წარმოდგენილი პარამეტრებით მშენებლობაზე“, – განმარტავს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.