გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილემ იაგო ხვიჩიას მიმართა – სამწუხაროა, ევრორეგულაციებით დადგენილ მოთხოვნებს იდიოტურს რომ უწოდებთ, ეს ცხადყოფს თქვენს დამოკიდებულებას ევროინტეგრაციის პროცესის მიმართ

15:36, 30.10.2023

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი საქართველოს კანონების პროექტების – „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ განხილვა მიმდინარეობს.

კომიტეტის სხდომაზე აღნიშნული საკითხის განხილვას კამათი მოჰყვა „გირჩის“ ლიდერს, იაგო ხვიჩიასა და გარემოს დაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს, ნინო თანდილაშვილს შორის, რომელმაც კომიტეტზე საკანონმდებლო პაკეტი წარადგინა.

იაგო ხვიჩიამ ნინო თანდილაშვილს მიმართა, რომ დამატებითი რეგულაციებით საქართველოს მოქალაქეების ინტერესები ზარალდება, რადგან ჯარიმები მნიშვნელოვნად იზრდება.

„თევზჭერის პროცესის უწყვეტი ვიდეოგადაღების ვალდებულების შეუსრულებლობა ან/და სათანადო უფლებამოსილი ორგანოს მიერ მოთხოვნის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი ვიდეოჩანაწერის ანუ თევზაობის ვიდეოჩანაწერის წარუდგენლობა, რამდენით შეიძლება, ისჯებოდეს? ეს ცვლილება დაჯარიმდება 200 000 ლარით და თევზჭერისგან მიღებული პროდუქტის საბაზრო ღირებულების ხუთმაგი ოდენობით. სამართალდარღვევის საგნის, თევზჭერისგან მიღებული პროდუქტის კონფისკაციით, აგრეთვე სამართალდარღვევის იარაღის – თევზსაჭერი ბადის და მსგავსი დანიშნულების იარაღის კონფისკაციით, განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ორმაგდება და 400 000 ლარია.  თქვენ მიდრეკილები ხართ და ძალიან მოგწონთ, რომ ჯარიმებს ზრდით. ხალხის გატყავების პროცესი მოგწონთ, ამას სხვა რა დავარქვა? არანაირი სამართალდარღვევა არ არსებობდა, იმუშავეთ იურიდიულ კომიტეტთან ერთად და თითქმის მილიონიანი ჯარიმები ეკისრებათ ადამიანებს. ვინც ამ სფეროში მუშაობს, იმათთან თუ გაიარეთ კონსულტაცია? რას ვერჩით საკუთარ მოქალაქეებს, რომლებიც სადღაც თევზს იჭერენ? თქვენ რომ არ მოგაწოდათ ინფორმაცია ან რაღაც იდიოტური მოთხოვნა რომ არ შეასრულა, ამის გამო მილიონი ლარით აჯარიმებთ“, – განაცხადა ხვიჩიამ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის, ნინო თანდილაშვილის განცხადებით, ძალიან სამწუხაროა, რომ დეპუტატს ევრორეგულაციებით დადგენილი მოთხოვნები არ მოსწონს.

„ევრორეგულაციებით დადგენილ მოთხოვნებს იდიოტურს რომ უწოდებთ, ძალიან სამწუხაროა. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, სამწუხაროდ, თქვენს დამოკიდებულებას ამ ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის მიმართ. ჩემი თხოვნა იქნება, ბოლომდე წაიკითხეთ ხოლმე მუხლები და პუნქტები. ამ შემთხვევაში საკითხს ვარეგულირებთ სხვა ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში, საქართველოს დროშის ქვეშ მცურავმა გემებმა ამ ქვეყნის იმიჯი რომ არ დააზიანონ და არ შეარცხვინონ. ეს წესი საქართველოს არ მოუგონია. ევროკავშირის კონკრეტული რეგულაცია და მოთხოვნა არსებობს. ევროინტეგრაციის პროცესის ნაწილია, იმიტომ, რომ საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემები სხვა ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში არ წავიდნენ, უკანონო თევზჭერა არ განახორციელონ და სხვა ქვეყნის ინტერესები არ დააზიანონ, ამით ჩვენი ქვეყნის იმიჯს არ მიადგეს საფრთხე და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ევროინტეგრაციისთვის“, – განაცხადა თანდილაშვილმა.

მსგავსი