გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე - სამინისტროს პლასტიკის პარკების აკრძალვის გადავადებაზე არანაირი დაპირება არ გაუცია
გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე - სამინისტროს პლასტიკის პარკების აკრძალვის გადავადებაზე არანაირი დაპირება არ გაუცია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პლასტიკის პარკის წარმოების, იმპორტის და რეალიზაციის აკრძალვის რეგულაციების გადავადებასთან დაკავშირებით არანაირი დაპირება არ გაუცია, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა განუცხადა.

როგორც ხატია წილოსანმა აღნიშნა, მთავრობის ინტერესია, რომ გარემოს დაცვის კუთხით განსახორციელებელი ღონისძიებები მაქსიმალურად შესრულდეს. ამასთან, დაცული იყოს როგორც ადგილობრივი წარმოება, ისე იმპორტიორი კომპანიები.

„კონკრეტულად პირველი აპრილიდან ასამოქმედებელი რეგულაციების გადავადებაზე ჩვენი მხრიდან არ ყოფილა საუბარი და დაპირება. რაც შეეხება მწარმოებლების უფლებების დაცვას, თუ კომპანიები ბიზნესომბუდსმენთან, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტთან, „აწარმოე საქართველოსთან“ შეთანხმდებიან ბიზნესის მხარდაჭერის მექანიზმების შემუშავებაზე, ჩვენც ჩართული ვიქნებით ამ საკითხში, თუმცა დღეს გადავადებასთან და სხვა კონკრეტულ შეღავათებთან დაკავშირებით საუბარი არ არის“, – აღნიშნა წილოსანმა.

მისივე განმარტებით, როდესაც მუშავდებოდა პარკებთან დაკავშირებული რეგულაცია, ბიზნესს ჰქონდა შესაბამისი ვადა და შენიშვნების გამოთქმის შესაძლებლობა.

„სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, არ მახსენდება არც ერთი შემთხვევა, როცა კომპანიებმა აღნიშნულ რეგულაციებთან დაკავშირებით შენიშვნები დააფიქსირეს. რაც შეეხება ლაბორატორიის საკითხს, ლაბორატორიის არსებობა ქვეყანაში სახელმწიფოსთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რომელიმე კომპანიისთვის. ბაზარი დაცულია ფალსიფიცირებული პროდუქტისგან. ტექნიკურ რეგლამენტში არის ფილტრი, რომ იმპორტიორმა ვერ შეძლოს საქართველოში ფალსიფიცირებული პროდუქტის შემოტანა და თუ ეს მაინც მოხდება, ამისთვის არსებობს სამართალდამცავი ორგანოები და კანონის ფარგლებში იმოქმედებენ“, – აღნიშნა ხატია წილოსანმა.

მისივე თქმით, საქართველოში მაისის ბოლოდან უკვე იქნება გამართული ლაბორატორია, სადაც პოლიეთილენთან დაკავშირებული კვლევების განხორციელება იქნება შესაძლებელი.

„მაისში გვექნება გამართული ლაბორატორია. მანამდე კი, ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია ლაბორატორიებთან, რომლებსაც კვლევების წარმოების შესაძლებლობა აქვთ და საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფო თავად უზრუნველყოფს ამ კვლევების ჩატარებას. შესაბამისად, ამ ეტაპზე, ქვეყანაში ლაბორატორიის არარსებობის გამო არც ერთ მწარმოებელს არ ჩავაყენებთ არათანაბარ პირობებში. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ რეგულაცია უკვე მოქმედია და მასზე ზედამხედველობის განხორციელება არის მუნიციპალიტეტის კომპეტენცია. ჩვენ ვერ ჩავერევით ამ კომპეტენციაში და ამ კუთხით რამე ტიპის შეღავათებთან დაკავშირებით, სამინისტროს შიგნით მსჯელობა არ მიმდინარეობს“, – განაცხადა ხატია წილოსანმა.

საქართველოში დღეიდან ნებისმიერი სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია აიკრძალა.  შედეგად, აღნიშნული სახის საქმიანობით დაკავებულმა რამდენიმე კომპანიამ დღესვე წარმოების გაჩერებისა და თანამშრომლების ნაწილის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. როგორც „ჯორჯიანტრანსის“ ფინანსურმა დირექტორმა, ირაკლი ნემსაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს რეგულაციების გადავადების მოლოდინი ჰქონდათ, მსგავსი დაპირება კომპანიებმა სახელმწიფოსგან მიიღეს. პლასტიკის პარკების მწარმოებელმა კომპანია „აა პლასტმას“ გენერალური დირექტორის, ლევან ბიწაძის თქმით კი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა მათ პირობა მისცა, რომ გარდამავლი პერიოდი ექნებოდათ.

 

ავტორი: ქრისტინე გამთენაძე

დატოვე კომენტარი