გარემოს დაცვის კომიტეტი მიიჩნევს, რომ აუცილებელია დადგინდეს, რამ გამოიწვია სისხლში ტყვიის შემცველობის მატება დედაქალაქში
გარემოს დაცვის კომიტეტი მიიჩნევს, რომ აუცილებელია დადგინდეს, რამ გამოიწვია სისხლში ტყვიის შემცველობის მატება დედაქალაქში

თბილისში, ადამიანთა სისხლში მომატებული ტყვიის შემცველობის მიზეზი საწვავი არ არის, – ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ მომზადებულ ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც დედაქალაქში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ძირითად წყაროებს მიმოიხილავს.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ დღემდე არ არსებობს პასუხი სისხლში ტყვიის შემცველობის მომატების გამომწვევი მიზეზების შესახებ.

გარემოს დაცვის კომიტეტი მიიჩნევს, რომ მთავრობამ პასუხისმგებელი ორგანოები უნდა განსაზღვროს და კვლევა დაიწყოს, რამ გამოიწვია ტყვიის შემცველობის მატება.

„შესაბამის ღონისძიებათა გასატარებლად აუცილებელია გამომწვევი მიზეზების ზუსტად ცოდნა. სამი თვის ვადაში მთავრობამ გარემოს დაცვის კომიტეტს სამოქმედო გეგმა უნდა წარუდგინოს, როგორ აპირებს ამ კვლევების ჩატარებას, რათა დაადგინოს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ტყვიის მომატებულ შემცველობასა და გამომწვევ ფაქტორებს შორის. ამავდროულად, დასახოს ღონისძიებათა პროგრამა, თუ როგორ ჩატარდება კვლევები სამიზნე არეალებში და დროის რა მონაკვეთში“, – აღნიშნულია ანგარიშში.

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა დედაქალაქში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ძირითადი წყაროების შესახებ თემატური მოკვლევის ანგარიში მოამზადა. საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, ანგარიში 6 მაისის ბიუროს სხდომას წარედგინება.

დატოვე კომენტარი