„გარემოს დაცვა და ადამიანის უფლებები“ ევროპის საბჭოს ერთ-ერთ პრიორიტეტად დასახელდა
„გარემოს დაცვა და ადამიანის უფლებები“ ევროპის საბჭოს ერთ-ერთ პრიორიტეტად დასახელდა

საქართველოს მიერ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის პერიოდში შერჩეული ერთ-ერთი პრიორიტეტი „გარემოს დაცვა და ადამიანის უფლებები“, ოფიციალურად დასახელდა ევროპის საბჭოს ერთ-ერთ პრიორიტეტად, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მიმდინარე წლის 26 დეკემბერს, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებებისა და სამართლის უზენაესობის დირექტორატის მიერ, ორგანიზაციის ვებ-გვერდზე განთავსდა განცხადება, რომელშიც ხაზგასმულია კლიმატის ცვლილებებისა და ბიომრავალფეროვნების კარგვის ზეგავლენა ადამიანის უფლებებზე და ამ მიმართულებით ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის აუცილებლობაზე, რაც მოცემული განცხადების თანახმად დადასტურებულ იქნა 2020 წლის 27 თებერვალს, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის საქართველოს თავმჯდომარეობის ფარგლებში გამართულ კონფერენციაზე მიღებულ დოკუმენტში. ასევე გამყარებულ იქნა საქართველოს თავმჯდომარეობის დროს 2020 წლის 15 მაისს მიღებული არსებული და ორი მომავალი თავმჯდომარე ქვეყნის (საბერძნეთი და გერმანია) ერთობლივი დეკლარაციით.

„ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის განცხადებით, „ზემოაღნიშნული ადასტურებს საქართველოს მიერ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის პერიოდში შერჩეული ერთ-ერთი პრიორიტეტის „გარემოს დაცვისა და ადამიანის უფლებები“ მნიშვნელობას და მიუთითებს საქართველოს მიერ ამ მიმართულებით დატოვებული ძლიერი მემკვიდრეობის ევროპის საბჭოს პრიორიტეტად გადაქცევაზე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი