„გარდიანი“ - უკრაინის სარეკონსტრუქციო სააგენტოს ხელმძღვანელი აღდგენის კონფერენციამდე ერთი დღით ადრე თანამდებობას ტოვებს
უკრაინის სარეკონსტრუქციო სააგენტოს ხელმძღვანელი აღდგენის კონფერენციამდე ერთი დღით ადრე თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ „გარდიანი“ წერს.
მუსტაფა ნაიემი ამბობს, რომ მას კიევის მთავრობამ ძირი გამოუთხარა და ბერლინში ღონისძიებაზე დასწრება შეუზღუდა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ უკრაინის რეკონსტრუქციის სააგენტოს ლიდერმა თანამდებობა ქვეყნის გრძელვადიანი აღდგენის შესახებ საერთაშორისო კონფერენციის წინ დატოვა. მან თქვა, რომ უკრაინის მთავრობა აფერხებდა მას სამუშაოს ეფექტურად შესრულებაში.
მუსტაფა ნაიემმა თანამდებობის დატოვების შესახებ ორშაბათს ფეისბუქპოსტში განაცხადა. როგორც „გარდიანი“ წერს, მანამდე მან რამდენიმე უცხოელ პარტნიორს გაუგზავნა მესიჯი, სადაც უკრაინის ხელისუფლებას შეცდომების გამო აკრიტიკებდა. ნაიემმა თქვა, რომ ბოლო წვეთი იყო, როდესაც ბერლინში გამგზავრების ნებართვა გაუუქმდა.
უკრაინის აღდგენის ორდღიანი კონფერენცია სამშაბათს ბერლინში იწყება, სადაც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სიტყვით გამოვა. კონფერენცია ითვალისწინებს 95 საინვესტიციო პროექტის დაწყებას, რომლებიც მიზნად ისახავს დასავლეთის ქვეყნებიდან ფინანსური მხარდაჭერის მიღებას. ასევე, დასახული იქნება რეფორმის მიზნები. ისინი ისაუბრებენ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე, რასაც ორგანიზატორები კონფერენციის დღის წესრიგის „მეოთხე განზომილებას“ უწოდებენ.
კონფერენციას გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი უმასპინძლებს. მოსალოდნელია, რომ მას ეყოლება მრავალი მაღალი რანგის დიპლომატი და საგარეო საქმეთა მინისტრი სხვადასხვა ქვეყნიდან, დაწყებული უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებათი, დამთავრებული ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელ დევიდ კამერონით. ასევე, ღონისძიებაზე იქნება რამდენიმე მერი უკრაინის დიდი ქალაქებიდან, როგორებიცაა კიევი და ლვოვი.
ნაიემი წერილში, რომელიც „გარდიანმა“ მოიპოვა და „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ პოსტში მძაფრად აკრიტიკებდა უკრაინის რეკონსტრუქციის გარშემო მმართველობის სტილს, მაგრამ მოერიდა ზელენსკის პირდაპირ კრიტიკას. „გარდიანის“ ცნობით, ნაიემმა ფაქტობრივად განაცხადა, რომ მისი სამუშაოს შესრულება, რომელიც მოიხსენია, როგორც „ცხოვრებაში ყველაზე რთული სამუშაო“, შეუძლებელი გახდა.
ნაიემმა საჩივრების გრძელი სია წარადგინა. Მათგან ერთ-ერთი იყო „მთავრობის თანხმობის არარსებობა ევროპის საინვესტიციო ბანკისგან ნასესხები 150 მილიონი აშშ დოლარის (118 მილიონი ფუნტი) გადახდისთვის კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, მათ შორის წყალმომარაგებისა და ენერგეტიკის დაცვის ჩათვლით“.
მან ასევე სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ „აწუხებდა აუხსნელი ბიუროკრატიული შეფერხებები“. ნაიემმა თქვა, რომ მისი სააგენტოსთვის „მუდმივმა წინააღმდეგობამ და ხელოვნური ბარიერების შექმნამ შეუძლებელი გახადა მოვალეობების ეფექტურად შესრულება“.
„გარდიანი“ აღნიშნავს, რომ ნაიემის გადადგომა მოჰყვა გასულ თვეში ინფრასტრუქტურის მინისტრის, ალექსანდრე კუბრაკოვის თანამდებობიდან გათავისუფლებას, ვის მიერაც იყო ნაიემი დანიშნული და ვისთანაც, როგორც მან განაცხადა, მჭიდროდ თანამშრომლობდა.
„ბოლო დროს უკრაინის უცხოელი მოკავშირეები შეშფოთებულნი არიან, რადგან ხედავენ, რომ ზელენსკის ადმინისტრაცია სულ უფრო ცენტრალიზებული ხდება. ამ შეშფოთებას კუბრაკოვის თანამდებობიდან გათავისუფლებაც დაემატა.
კუბრაკოვი დიდ პატივს სცემდა საერთაშორისო პარტნიორებს. კიევში ერთ-ერთმა დიპლომატიურმა წყარომ აღწერა მისი გათავისუფლება ბერლინის კონფერენციის წინ, როგორც „კატასტროფა იმიჯის თვალსაზრისით“. ამას დაემატება ნაიემის გადადგომა კონფერენციის წინა დღეს“, – ნათქვამია „გარდიანის“ სტატიაში.