„გარდიანი“ - ევროპელების მხოლოდ ათ პროცენტს სჯერა, რომ უკრაინას რუსეთის დამარცხება შეუძლია
„გარდიანი“ - ევროპელების მხოლოდ ათ პროცენტს სჯერა, რომ უკრაინას რუსეთის დამარცხება შეუძლია

„გარდიანის“ ცნობით, ევროპელების მხოლოდ ათ პროცენტს სჯერა, რომ უკრაინას რუსეთის დამარცხება შეუძლია, – ამის შესახებ ნათქვამია ბრიტანული გამოცემის ექსკლუზიურ სტატიაში, რომელიც ევროპის მასშტაბით ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგებს ეყრდნობა.

„უკრაინის მხარდაჭერა ევროპელებს შორის კვლავაც მტკიცეა, მაგრამ რუსეთს მიერ უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრიდან ორი წლის შემდეგ ევროპელების მხოლოდ ათ პროცენტს სჯერა, რომ უკრაინას რუსეთის ბრძოლის ველზე დამარცხება ძალუძს. კვლევის მიხედვით, ომის დასრულებას გამოკითხულთა უმეტესობა რაიმე სახის „კომპრომისულ შეთანხმებაში“ ხედავს“, – ნათქვამია სტატიაში.

„გარდიანი“ წერს, რომ ევროპელების განწყობების ცვლილება იმის ნიშანია, რომ პოლიტიკოსები უფრო მეტად „რეალისტურად“ უნდა მიუდგნენ იმის განსაზღვრას, რა შეიძლება იყოს „მისაღები მშვიდობა“.

„ევროპაში უკრაინის მიმართ მხარდაჭერის შესანარჩუნებლად ევროკავშირის ლიდერებმა უნდა შეცვალონ ის, თუ როგორ საუბრობენ ომზე“, – განაცხადა კვლევის ავტორმა, საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს წარმომადგენელმა, მარკ ლეონარდმა.

ამავე კვლევის მიხედვით, „უფრო მეტ ევროპელს სურს რუსეთის გამარჯვების პრევენცია“, მაგრამ მათ არ სჯერათ, რომ უკრაინას ეს სამხედრო გზით შეუძლია.

„გარდიანის“ ცნობით, კვლევა ევროკავშირის 12 წევრ ქვეყანაში ჩაატარეს, მათ შორის საფრანგეთში, გერმანიაში, უნგრეთში, იტალიაში, ნიდერლანდებში, პოლონეთსა და შვედეთში.

კვლევის მიხედვით, ათი გამოკითხული ევროპელიდან მხოლოდ ერთს სჯერა, რომ უკრაინას ბრძოლის ველზე რუსეთის დამარცხება ძალუძს. ამასთან, კვლევაში მონაწილეთა 20% რუსეთის გამარჯვებას პროგნოზირებს. რესპონდენტთა 37%-ს მიაჩნია, რომ ომი უკრაინაში კომპრომისული შეთანხმებით დასრულდება.

ამასთან, შვედეთში, პორტუგალიასა და პოლონეთში გამოკითხულთა უმეტესობა ამბობს, რომ ევროპა უნდა დაეხმაროს უკრაინას რუსეთის აგრესიაზე პასუხის გაცემაში. უნგრეთში, საბერძნეთში, იტალიასა და ავსტრიაში კი რესპონდენტები უფრო მეტად მხარს უჭერენ კიევზე ზემოქმედებას, რათა უკრაინა შეთანხმებას დათანხმდეს.