გარდაიცვალა სამების საკათედრო ტაძრის არქიტექტორი, არჩილ მინდიაშვილი
გარდაიცვალა სამების საკათედრო ტაძრის არქიტექტორი, არჩილ მინდიაშვილი

69 წლის ასაკში გარდაიცვალა ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის პროექტის ავტორი, არქიტექტორი არჩილ მინდიაშვილი. ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს მინდიაშვილის ოჯახის ახლობლებმა დაუდასტურეს.

არჩილ მინდიაშვილი 1973 წლიდან მუშაობდა არქიტექტორად სხვადასხვა ორგანიზაციაში. იყო საქართველოს ეროვნულ და სოციალურ ურთიერთობათა აკადემიის აკადემიკოსი.

1991 წელს დაინიშნა საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო ხუროთმოძღვრების ცენტრის მთავარ არქიტექტორად; 1995 წელს წმინდა სამების საკათედრო ტაძრის კომპლექსის პროექტის მთავარ არქიტექტორად; 1998 წლიდან ხელმძღვანელობდა წმინდა სამების საკათედრო ტაძრის კომპლექსის აღმშენებლობის შემოქმედებით გაერთიანება „კათედრალს“; ხელმძღვანელობდა საეკლესიო დანიშნულების 30-ზე მეტი მნიშვნელოვანი კომპლექსისა თუ ობიექტის მშენებლობას, მათ შორის: წმინდა სამების საკათედრო ტაძარი თბილისში (1995-2004); წმინდა ილია თეზბიტელის ტაძარი და სამრეკლო (წმინდა სამების საკათედრო ტაძრის კომპლექსში, 1998 წელი) და სხვები; იყო სხვადასხვა არქიტექტურული კონკურსის გამარჯვებული, მათ შორის: თბილისის საცხოვრებელი კვარტალების კეთილმოწყობის პროექტის (II პრემია, 1972), თბილისის მეტროპოლიტენის სადგურების ინტერიერის (1976), თბილისის სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანების (1984), წმინდა სამების საკათედრო ტაძრის პროექტის (1989-1990) და სხვა.

არჩილ მინდიაშვილი იყო საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი, წმინდა გიორგისა და ღირსების ორდენების კავალერი.