გარდაიცვალა პროფესორი, ძველი ქართული მწერლობის ცნობილი მკვლევარი გრივერ ფარულავა
გარდაიცვალა პროფესორი, ძველი ქართული მწერლობის ცნობილი მკვლევარი გრივერ ფარულავა

84 წლის ასაკში გარდაიცვალა პროფესორი, ძველი ქართული მწერლობის ცნობილი მკვლევარი გრივერ ფარულავა. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ აღზრდილი ფილოლოგთა არაერთი თაობა გრივერ ფარულავას სტუდენტი იყო. იგი ათეული წლების განმავლობაში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და კითხულობდა ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის კურსს.

გრივერ ფარულავა იკვლევდა ქართული ქრისტიანული ხელოვნების, ესთეტიკისა და ლიტერატურის პრობლემებს, კითხულობდა სპეცკურსებს ამ მიმართულებით. მკვლევართა და ძველი ქართული მწერლობით დაინტერესებული მკითხველისთვის საყოველთაოდ ცნობილია მისი წიგნები: „მხატვრული სახის ბუნებისათვის ძველ ქართულ პროზაში“, „ჰაგიოგრაფია – ხელოვნება ხელოვნების შესახებ“ და სხვა.

გრივერ ფარულავა წლების განმავლობაში იყო თბილისის სასულიერო აკადემიის ძველი ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის გამგე.

გამოსვენება შაბათს, 14:00 საათზე სიონის ტაძრიდან.