ომანის სულთანი ქაბუს ბინ საიდ ალ საიდი ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად, 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ საერთაშორისო მედია ომანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოზე დაყრდნობით იუწყება.
სულთნის გარდაცვალების გამო, ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა, 40 დღის განმავლობაში დაშვებული იქნება სახელმწიფო დროშები.
მედიის ცნობით, ომანის სულთანი 2015 წლიდან სიმსივნით იყო დაავადებული. ბოლო დროს, ხშირად ვრცელდებოდა ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ.
ქაბუს ბინ საიდ ალ საიდი ომანს 1970 წლიდან მართავდა.
ამ დრომდე უცნობია, ვინ იქნება ომანის შემდგომი სულთანი. ქაბუს ბინ საიდ ალ საიდს მემკვიდრე საჯაროდ არ დაუსახელებია.