გარდაიცვალა მსოფლიოს ეზიდთა მთავარი მირ თაჰსინ ბეგი
გარდაიცვალა მსოფლიოს ეზიდთა მთავარი მირ თაჰსინ ბეგი

86 წლის ასაკში ქალაქ ჰანოვერში გარდაიცვალა მსოფლიო ეზიდთა მონარქი, შეიხანის ემირი და სრულიად ეზიდხანის მმართველი მირ თაჰსინ ბეგი.

2011 წელს, საქართველოში ეზიდთა სასულიერო საბჭოს მოწვევით, ეზიდთა უმაღლესი სასულიერო პირების დელეგაცია მირ თაჰსინ ბეგის და ეზიდთა სულიერი მამის ახტიარე მარგაჰე ბაბა შეიხ ხატოს მეთაურობით საქართველოს სტუმრობდა. დელეგაცია საქართველოს ეზიდ სათვისტომოსა და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებს შეხვდა.

დელეგაცია თავის რეზიდენციაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მიიღო.

საქართველოში ვიზიტის შემდეგ, პირველად ეზიდების ისტორიაში მირ თაჰსინ ბეგმა და ახტიარე მარგაჰემ ეზიდებს ერაყის ფარგლებს გარეთ ეზიდური ტაძრის მშენებლობის ლოცვა-კურთხევა და ნებართვა მისცეს.

2012 წელს მირ თაჰსინ ბეგმა, ახტიარე მარგაჰე ბაბა შეიხ ხატოსთან ერთად, თბილისში ეზიდური ტაძარს საძირკველი ჩაუყარეს. მას მჭიდრო კავშირი ჰქონდა საქართველოს ეზიდ თემთან და საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭოსთან.

მისი გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვეს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების სახელმწიფო და რელიგიურმა მოღვაწეებმა.

დაკრძალვა დაბა ბაადრში (ერაყი) ემირთა საგვარეულოს სასაფლაოზე გაიმართება.