გარდაიცვალა მსახიობი გოვენ ჭეიშვილი
გარდაიცვალა მსახიობი გოვენ ჭეიშვილი

გარდაიცვალა საქართველოს დამსახურებული არტისტი, კინოსა და თეატრის მსახიობი გოვენ ჭეიშვილი.

გოვენ ჭეიშვილი 1996 წლიდან იყო მესხიშვილის თეატრის მსახიობი. გოვენ ჭეიშვილს შესრულებული აქვს კინოროლები გ. პატარაიას ფილმებში „რეკორდი“ (1972, ხუტა) და „კუჩხი ბედინერი“ (1976, კოჩია). გადაღებულია ფილმებში „ნეილონის ნაძვის ხე“ (რ. ესაძე, 1985), „ლალე“ (რ. ლორთქიფანიძე, 1985), „დამშვიდობება“ (ზ. თუთბერიძე, 1987), „კირილეს ოდისეა“ (დ. ბათიაშვილი, 1985), „ლომა“ (ბ. რაჭველიშვილი, 1987), „ჩემი ბოშები“ (ლ. გორდელაძე, 1987), „წითელი პატეფონი“ (დ. აბაშიძე, 1995), „სამოთხის გვრიტები“ (გ. ჩოხელი”, 1997, ეფრემა), „მიჯაჭვული რაინდები“ (გ. ჩოხელი, 1999, ტოტია), „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ (ნ. ექვთიმიშვილი, ს, გროსი, 2016).

მესხიშვილის თეატრი სამძიმარს უცხადებს გოვენ ჭეიშვილის ოჯახს.

ასევე, გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე.

„ქართულმა ხელოვნებამ კიდევ ერთი განუმეორებელი მსახიობი დაკარგა, საქართველოს დამსახურებული არტისტი, კინოსა და თეატრის მსახიობი გოვენ ჭეიშვილი („ხუტა უფროსი“) იყო არა მარტო ნიჭიერი მსახიობი, არამედ ღირსეული ადამიანი, რომლის წასვლა დანაკლისი იქნება განურჩევლად ყველასთვის, ვინც პირადად იცნობდა და ვისაც მის მიერ შესრულებული როლები მოსწონდა და უყვარდა, ის დააკლდება ჩვენს იმერეთს, ქუთაისს, როგორც ძალიან კარგი ადამიანი და თავისი საქმის პროფესიონალი. ალბათ, დიდი მადლია საჭირო და ცხოვრების გზის მინიმალური შეცდომებით გავლა, რომ ყველას გულში და მოგონებებში ისეთად დარჩე, როგორც გოვენ ჭეიშვილი დარჩება.

ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებს, თეატრალურ სამყაროს ღირსეული ადამიანის, შემოქმედის და მსახიობის გარდაცვალებას“, – აცხადებს ზვიად შალამბერიძე.

მსახიობს ხვალ ქუთაისში, საფიჩხიის სასაფლაოზე მდებარე წმინდა სამების სახელობის ეკლესიიდან გამოასვენებენ.

დატოვე კომენტარი