გარდაიცვალა ანსამბლ „მხედრულის“ მთავარი ქორეოგრაფი ჰამლეტ კობეშავიძე
გარდაიცვალა ანსამბლ „მხედრულის“ მთავარი ქორეოგრაფი ჰამლეტ კობეშავიძე

გარდაიცვალა ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, ანსამბლ „მხედრულის“ მთავარი ქორეოგრაფი ჰამლეტ კობეშავიძე.

1954 წელს ჰამლეტ კობეშავიძე, მამასთან ერთად სათავეში ჩაუდგა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არსებულ ანსამბლ „მხედრულს“; 1957 წელს იგი ანსამბლის სოლისტთა ჯგუფთან ერთად მონაწილეობდა ახალგაზრდობისა და სტუდენტთა მეექვსე მსოფლიო ფესტივალში და სამახსოვრო მედლით დაჯილდოვდა;

1960-1964 წლებში ჰამლეტ კობეშავიძე, ანსამბლის სოლისტებთან ერთად, საკავშირო პროფსაბჭოს სიმღერისა და ცეკვის ნაკრებ ანსამბლში მიიწვიეს. გასტროლები ჩაატარეს გერმანიაში, პოლონეთში, კუბაში, იაპონიაში, ფინეთში. გერმანიის მუშათა მეექვსე და იაპონიის „მომღერალთა ხმების“ ფესტივალებზე ლაურეატის წოდება დაიმსახურა;

1976 წელს ანსამბლის სოლისტთა ჯგუფმა 12 კაცის შემადგენლობით მონაწილეობა მიიღო იაპონიაში გამართული ცეკვის მსოფლიო ფესტივალში, სადაც „მინონის“ ოქროს მედლით დაჯილდოვდა. მისი ხელმძღვანელობით ანსამბლი „მხედრული“ წარმატებით გამოვიდა ცეკვის საერთაშორისო ფესტივალზე ბულგარეთში; ანსამბლის წარმატება 21 ქვეყნის წარგზავნილთა შორის, ოქროს მედლით აღინიშნა.