გარდაიცვალა აკადემიკოსი გუჩა კვარაცხელია
გარდაიცვალა აკადემიკოსი გუჩა კვარაცხელია

80 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს განათლების ყოფილი მინისტრი, მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი გუჩა კვარაცხელია. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კიდევ ერთ გამორჩეულ წარმომადგენელს ემშვიდობება.

გუჩა კვარაცხელია იყო სამაგალითო ადამიანი. ფასდაუდებელია მისი მოღვაწეობა ქართულ მეცნიერებაში – მშობლიური ენის სწავლისა და სწავლების, ზოგადად თანამედროვე ქართული ენის განვითარების საქმეში. არაერთი მნიშვნელოვანი სამეცნიერო ნაშრომი შექმნა მომავალი თაობისთვის.

განსაკუთრებით ნაყოფიერი იყო ქალბატონი გუჩას მოღვაწეობა თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში. ასევე, დასაფასებელია მისი ხანგრძლივი და ნაყოფიერი პედაგოგიური საქმიანობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ბევრი სტუდენტი აგრძელებს მის გაკვალულ გზაზე წარმატებით სიარულს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ქალბატონი გუჩა კვარაცხელიას გარდაცვალების გამო. უსამძიმრებს მის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებს“, – ნათქვამია თსუ-ს მიერ გავრცელებულ სამძიმრის ტექსტში.

გუჩა კვარაცხელია 1993-2006 წლებში იყო არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი. 2002-2006 წლებში ზოგადი ენათმეცნიერების განყოფილების გამგის მოვალეობის შემსრულებელი, 2006 წლიდან კი ისევ მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი. 1992 წელს იყო (13 იანვარი-20 დეკემბერი) საქართველოს რესპუბლიკის განათლების მინისტრი.

1993-1994 წლებში გუჩა კვარაცხელია მუშაობდა არაქართველთათვის ქართული ენის სწავლების სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის გამგედ. 1999-2006 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოღვაწეობდა, როგორც ზოგადი და გამოყენებითი ენათმეცნიერების კათედრის პროფესორი. 2005 წლიდან იყო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიაში ენის, ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილების აკადემიკოს-მდივნის მოვალეობის შემსრულებელი.

გუჩა კვარაცხელიას გამოქვეყნებული აქვს 130 სამეცნიერო ნაშრომი. არის პიესების, ასევე ლექსების კრებულის ავტორი.