გარდაცვლილი 15 წლის მოზარდის ძმა აცხადებს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში მოზარდის დედა ხელმეორედ დაიკითხება
15 წლის გარდაცვლილი მოზარდის, ლუკა სირაძის ძმა ბექა სირაძე იმედოვნებს, რომ გამოძიებისას სხვა სამართალდამცველების პასუხისმგებლობაც გამოიკვეთება, რომლებიც მის ძმაზე ზეწოლას ახორციელებდნენ. ამის შესახებ მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
10-11 დეკემბერს დიდუბე ჩუღურეთის პოლიციის პირველ განყოფილებაში მომხდართან დაკავშირებით ბექა სირაძემ ოჯახის ადვოკატთან ერთად ისაუბრა. ბექა სირაძე მისი ძმის პოლიციაში გამოკითხვაზე ამბობს, რომ მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდებოდა. ასევე, მისი თქმით, გამომძიებელი მის ძმას სთხოვდა, ეღიარებინა სკოლაში წარწერების გაკეთება, რასაც ის არ აღიარებდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ კი, როდესაც გამომძიებელმა ხმამაღალი საუბარი დაიწყო, პოლიციის განყოფილების ერთ-ერთი ოთახიდან გამოვიდა პოლიციელი, კაბინეტში შეიყვანა ლუკა სირაძე, რამდენიმე წუთის შემდეგ კი, როგორც მისი ძმა ამბობს, ლუკა ატირებული გამოვიდა ოთახიდან.
„დედაჩემს სკოლიდან არავინ დაკავშირებია, ჩემი ძმა პირდაპირ დაიბარეს 10 დეკემბერს. დაკითხვა დაიწყო დედასთან ერთად, იყო აგრესიული ფონი, მუქარა. დედამ თქვა, რომ ნახავდა კამერების ჩანაწერებს და ზარალის ანაზღაურებაზე პრობლემა არ იქნებოდა. უთხრეს, რომ ჩანაწერების ჩვენების უფლება მათ არ ქონდათ. ამის შემდეგ, ისევ ყვირილი, მუქარა – აღიარე, თორემ შენს ძმას პრობლემებს შევუქმნით სასწავლებელშიო, ემუქრებოდნენ, დაგიჭერთო. ამის მერე, 20 წუთით დედას მოუწია სახლში წასვლა პოლიციელთან ერთად, მგონი სკოლის მასწავლებლის ნომერი უნდოდათ. ეს პერიოდი მარტო იმყოფებოდა ჩემი ძმა. უკვე საღამო პერიოდში, რომ ვერ უმტკიცებდნენ და თვითონაც არ აღიარებდა, დაიძაბნენ.
ჩემი ძმაც უკვე საკმაოდ ხმამაღალი ტონით პასუხობდა და ისიც აგრძელებდა მუქარას. ერთი პოლიციელი ადგა და ჩემი ძმა დედის თვალწინ შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია, ორი სამი წუთის მერე კაბინეტიდან მესამე პიროვნება გამოვიდა და ჩემს ძმას უთხრა, რომ შესულიყო მასთან. იქიდან როდესაც გამოვიდა, ტიროდა. ითხოვდა სასწრაფო დახმარებას, თუმცა ამაზე გამომძიებელმა უთხრა, როდესაც ჩათვლიდა საჭიროდ, მაშინ გამოიძახებდა. ოთახიდან გამოსვლის მერე რაღაც პერიოდის შემდეგ დაიწყო აღიარება ყველაფრის. დედამ რომ კითხა, შიგნით რა მოხდაო, თქვა რომ „კაპეზეთი“ ემუქრებოდნენ“, – აცხადებს გარდაცვლილის ძმა.
მისივე თქმით, მეორე დღეს ყვირილი და ჩხუბი გაგრძელდა, რის შემდეგაც მოზარდი სახლში გაუშვეს.
„ვერ დაუმტკიცეს რომ ის იყო, კამერები რაც ვნახე, იქ ამოცნობა შეუძლებელი იყო. გარკვეულ მომენტში დედას ახალი ჩვენებაა საჭირო, უფრო დალაგებული. ამ მომენტში ყველამ ვიცით, რა სიტუაციაცაა და ვერ ახერხებს, თუმცა რამდენიმე დღეში მოახერხებს ინსპექტორის სამსახურში მისვლას და ჩვენების მიცემას.
რაც შეეხება მუქარებს, პირველ რიგში, მუქარას იწყებდა მარიანა ჩოლოიანი. კითხავდნენ, როგორც კრიმინალს. ალბათ, სხვები გაბრაზდნენ, რომ 15 წლის ბავშვი ვერ აალაპარაკეს და გარშემომყოფები, მე როგორც ვიცი, ერთვებოდნენ პერიოდულად. პირველ დღესვე იყო, გვერდიგვერდ დასვეს ლუკა და მისი რომელიღაც სკოლელი. ამ გოგონას ეუბნებოდნენ, ხომ ნამდვილად ლუკა იყოო. ის ბავშვი ამბობდა, არ ვიცი, არ მინახავს და როგორ გიპასუხოთო. მე როგორც ვიცი, სქრინშოტები სკოლის ბავშვებს გამოართვეს და როგორ ამოიღეს, ეგ არ ვიცი. საიდან მიიღეს ინფორმაცია არ ვიცი.
ოჯახის მთავარი მოთხოვნაა იმ პირების დაკავება ,რომლებიც უშუალოდ იღებდნენ მონაწილეობას ამ პროცესში, ემუქრებოდნენ, თუნდაც, ცალკე გაიყვანეს, ის რამდენიმე პირი, ვისაც შეხება ჰქონდა ლუკასთან. გამოძიებას ვენდობი, რადგან პროგრესი აშკარად ჩანს. დააკავეს ერთ-ერთი.
დედის ჩვენება საკმაოდ მნიშვნელოვანია და ამ ეტაპზე, ვერ ახერხებს მისვლას. ალბათ, უფრო დალაგებული გონებით კიდევ ერთხელ გაისაუბრეს და პროგრესს მოგვცემს“, – განაცხადა ბექა სირაძემ.