„განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი“ - იმ უბნებზე, სადაც ორგანიზაცია დაკვირვებას ახორციელებს, საარჩევნო უბნების გახსნის პროცესმა ძირითადად პროცედურების დაცვით ჩაიარა
„განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი“ - იმ უბნებზე, სადაც ორგანიზაცია დაკვირვებას ახორციელებს, საარჩევნო უბნების გახსნის პროცესმა ძირითადად პროცედურების დაცვით ჩაიარა

„განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი“ 12:00 საათის მონაცემებით არჩევნების მეორე ტურზე დაკვირვების შედეგებს  აქვეყნებს.

„ერთობლივი სადამკვირვებლო მისიის ინფორმაციით, იმ უბნებზე, სადაც ორგანიზაცია დაკვირვებას ახორციელებს, საარჩევნო უბნების გახსნის პროცესმა ძირითადად პროცედურების დაცვით ჩაიარა. საარჩევნო უბნები დადგენილ დროს 08:00 საათზე გაიხსნა. საუბნო საარჩევნო კომისიები უმეტესად მომზადებულები შეხვდნენ პირველი ამომრჩევლის მიღებას, თუმცა დაფიქსირდა მცირე პროცედურული ხასიათის დარღვევები, კერძოდ: კომისიის წევრების მხრიდან წილისყრით მინიჭებული ფუნქციის შესრულებაზე უარი – დიდუბის 06.08.27 საარჩევნო უბანზე. კენჭისყრის პროცესი უმეტესად მშვიდ და ორგანიზებულ გარემოში მიმდინარეობს თუმცა, დაფიქსირდა მცირე პროცედურული ხასიათის დარღვევები, კერძოდ: კენჭისყრის ფარულობის დარღვევა (ამომრჩეველმა ბიულეტენი შემოხაზა კენჭისყრის კაბინის გარეთ) – დიდუბის 06.08.27 საარჩევნო უბანზე. მარკირების მქონე ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის მცდელობა – დიდუბის 06.08.27 საარჩევნო უბანზე. რიგ საარჩევნო უბნებზე არ ხდება კოვიდ-19 ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით ცესკოს მიერ დადგენილი წესების დაცვა. აღნიშნული უმეტესად დაფიქსირდა მთაწმინდისა და საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში შემავალ საარჩევნო უბნებზე.

სამწუხაროდ კვლავ გრძელდება მანკიერი პრაქტიკა და ეგრეთ წოდებული „კოორდინატორების“ მობილიზების შემთხვევები საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე, რომლებიც მხარდამჭერების მობილიზებასა და მისული ამომრჩევლების აღრიცხვას აწარმოებენ. აღნიშნული დაფიქსირდა ქუთაისისა და დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ სარჩევნო ოლქებში. განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების II ტურს, საერთაშორისო ორგანიზაცია დემოკრატიის, მედიისა და კულტურული გაცვლის ინსტიტუტთან (IDEM) პარტნიორობით, ერთობლივი სადამკვირვებლო მისიით აკვირდება. 100 კაციანი ერთობლივი სადამკვირვებლო მისია კენჭისყრის დღის მონიტორინგს დამკვირვებელთა მობილური ჯგუფების მეშვეობით ახორციელებს. მობილური ჯგუფები აკვირდებიან საარჩევნო უბნის გახსნის, კენჭისყრისა და ხმის დათვლის პროცესს, 11 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში“, – აცხადებენ ცენტრში.