განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული თედო აბრამოვის პროცესზე ბრალდებისა და დაცვის მხარეები სასამართლოს შესავალი სიტყვებით მიმართავენ
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული თედო აბრამოვის პროცესზე ბრალდებისა და დაცვის მხარეები სასამართლოს შესავალი სიტყვებით მიმართავენ

თბილისის საქალაქო სასამართლოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული თედო აბრამოვის პროცესზე ბრალდებისა და დაცვის მხარეები შესავალ სიტყვებით გამოდიან.

ბრალდებულის ადვოკატის განცხადებით, აბრამოვი ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციების მონაწილე იყო და დამცველი მის დაკავებას აქციებს უკავშირებს. ადვოკატის განმარტებით, 2024 წლის 7 დეკემბერს, პირადი ჩხრეკისას აბრამოვს აქციის ატრიბუტიკა, მათ შორის აირწინაღი ამოუღეს, თუმცა ჩხრეკის ოქმში მისი დაფიქსირება არ მოხდა. მისივე თქმით, აბრამოვს ნარკოტიკები ჩაუდეს, ჩხრეკას არც ნეიტრალური მოწმეები დაასწრეს და არც პროცესის ვიდეოგადაღება მომხდარა. ამასთან, დაცვის მხარე დროებითი მოთავსების იზოლატორში ბრალდებულის მიმართ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობაზე საუბრობს.

პროკურორი ნუგზარ ჭიტაძე ადვოკატის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს და ამბობს, რომ აბრამოვის დაკავებას აქციებთან კავშირი არ აქვს, ჩხრეკისას რაც ჰქონდა, ოქმში ის ნივთები შეიტანეს, ნეიტრალური მოწმეების დასწრება და ვიდეოგადაღება იმ არგუმენტით ვერ მოხდა, რომ, ბრალდების მტკიცებით, დაკავებული პოლიციას წინააღმდეგობას უწევდა. აბრამოვს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებიან, რაც რვიდან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.