განისაზღვრება შენობების ჩამონათვალი, რომელთა გარე პერიმეტრზე ვიდეოკამერების დამონტაჟება სავალდებულო იქნება
განისაზღვრება შენობების ჩამონათვალი, რომელთა გარე პერიმეტრზე ვიდეოკამერების დამონტაჟება სავალდებულო იქნება

საქართველოს მთავრობის დადგენილებით იმ შენობა-ნაგებობათა ჩამონათვალი განისაზღვრება, რომელთა გარე პერიმეტრზე ავტომატური ფოტო ან ვიდეოტექნიკის განთავსება-დამონტაჟება სავალდებულო იქნება. შესაბამისი ცვლილებები საკანონმდებლო პაკეტის სახით შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა, რომლის ინიცირებაც 10 ივნისის ბიუროს სხდომაზე მოხდება.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ავტომატური ფოტო და ვიდეოტექნიკის ტექნიკურ მოთხოვნებს, პარამეტრებს, მახასიათებლებსა და მისი დამონტაჟება-განთავსებისა და ასევე ექსპლუატაციის წესს საქართველოს მთავრობა დაადგენს. კანონპროექტით გათვალისწინებულია სანქციებიც. კერძოდ, ცვლილებებით, შენობა-ნაგებობის გარე პერიმეტრზე განსაზღვრული ავტომატური ფოტო ან ვიდეოტექნიკის განთავსება-დამონტაჟების ვალდებულების, ასევე დადგენილი ტექნიკური მახასიათებლებისა და ექსპლუატაციის წესის დარღვევა გამოიწვევს გაფრთხილებას.

იმ შემთხვევაში, თუ გათვალისწინებული სამართალდარღვევის შესახებ მიცემული გაფრთხილების განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობა მოხდება, ეს გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით.