განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა მეცხრე მოწვევის პარლამენტის წარდგენილი კანონპროექტების ნუსხა განსაზღვრა, რომელთა განხილვის პროცედურას გააგრძელებს
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა მეცხრე მოწვევის პარლამენტის წარდგენილი კანონპროექტების ნუსხა განსაზღვრა, რომელთა განხილვის პროცედურას გააგრძელებს

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, მეცხრე მოწვევის პარლამენტში განსახილველად წარდგენილი იმ კანონპროექტების ნუსხა განსაზღვრეს, რომელთა განხილვის პროცედურული გაგრძელება კომიტეტს მიზანშეწონილად ან მიზანშეუწონლად მიაჩნია.

კერძოდ, კომიტეტი გააგრძელებს წარმოდგენილი ათი კანონპროექტიდან ორის განხილვას: „უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის მიღების მიზანია სსიპ „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის“ მხრიდან იმ დიპლომების აღიარების აუცილებლობა, რომლებიც გაცემულია სსიპ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის“ მიერ 2007- 2008 სასწავლო წლის დაწყებამდე.

რაც შეეხება „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონპროექტს, იგი წინა მოწვევის პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის ინიციატივაა, რომლის მიხედვითაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად დაამტკიცებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სამედიცინო პერსონალის საქმიანობის სტანდარტს.

აღსანიშნავია, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში უკვე მიმდინარეობს სამედიცინო პერსონალის საქმიანობის სტანდარტის შემუშავების პროცესი. კანონპროექტში შემავალი ცვლილებით, აღნიშნული სამინისტროები ერთად დაამტკიცებენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სამედიცინო მომსახურების სივრცის ფუნქციონირების წესს.

კანონპროექტის მიხედვით, 2022 წლის 15 სექტემბრამდე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს საქართველოს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სამედიცინო პუნქტების ფუნქციონირება.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა აღნიშნა, ეს ეხება 2022-2023 სასწავლო წელს, რაც საკმარისი ვადაა იმისთვის, რომ ამ ორმა სამინისტრომ ფინანსთა სამინისტროს ხელშეწყობით ეს რეფორმა შემდეგ განახორციელოს.

„პანდემიამ ბევრი რამ დაგვანახა, თუმცა ამის საჭიროება პანდემიამდეც არსებობდა, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ყოფილიყო შესაბამისი ამბულატორიული პუნქტები“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.