განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეორგანიზაციასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტს წარედგინა
პარლამენტს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეორგანიზაციასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები წარედგინა.
ცვლილებების ინიცირება ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე მოხდება. პროექტით ზუსტდება, რომ იქნება განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ასევე კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.
კანონპროექტით განისაზღვრება, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში დასაქმებული თანამშრომლები უკონკურსოდ გადაინიშნებიან შესაბამის სამინისტროებში (განათლებისა და მეცნიერების სფეროში დასაქმებულები – განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, ხოლო კულტურისა და სპორტის სფეროში დასაქმებულები – კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში).
მთავრობა განმარტავს, რომ თანამშრომლები, რომლებიც არ მუშაობენ სფეროების მიხედვით, გადაინიშნებიან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.