განახლებული პროგნოზებით, აშშ-ში კორონავირუსის შესაძლო ფატალური შემთხვევების რიცხვი 135,000-მდე გაიზარდა
ჯანდაცვის მაჩვენებლებისა და შეფასების ინსტიტუტი, რომელსაც თეთრი სახლი ხშირად ეყრდნობა, პრესრელიზში აცხადებს, რომ ქვეყნის ამჟამინდელი მიდგომების გათვალისწინებით, აშშ-ში ფატალური შემთხვევების შესაძლო რაოდენობა სამომავლოდ ისევ გაიზრდება და შეიძლება, 135,000-ს მიაღწიოს.
ინსტიტუტის ერთ-ერთი მეცნიერის თქმით, ამის მიზეზი ნაადრევად მოხსნილი სოციალური დისტანცირების შეზღუდვები და შტატების გახსნა შეიძლება, გახდება.
ვაშინგტონის უნივერსიტეტში მდებარე ჯანდაცვის მაჩვენებლებისა და შეფასების ინსტიტუტის გათვლებით, ამ დრომდე სავარაუდო ფატალური შემთხვევები 72,433-ით იყო განსაზღვრული.
ინსტიტუტის პროფესორმა, ალი მოქდადმა „სიენენის“ ეთერში განაცხადა, რომ გაზრდილი მობილობისა და შეზღუდვების ნაადრევად შერბილების ფონზე, ქვეყანაში სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდა მოსალოდნელია. პროფესორის თქმით, ამ მაჩვენებელზე ასევე გავლენას ახდენს ტესტირების მასშტაბები, ტემპერატურა და მოსახლეობის სიმჭიდროვე, თუმცა ყველაზე მთავარი ფაქტორი მაინც გადაადგილებაა.