გამომძიებელი - გამოძიება აუცილებლად შეაფასებს ივანე მერაბიშვილის მიერ მოწოდებულ ზოგადი ხასიათის ინფორმაციას
გამომძიებელი - გამოძიება აუცილებლად შეაფასებს ივანე მერაბიშვილის მიერ მოწოდებულ ზოგადი ხასიათის ინფორმაციას

ივანე მერაბიშვილმა დაასახელა რამდენიმე პირის ზოგადი მახასიათებლები, რომლებიც, მისი განმარტებით, მონაწილეობდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მის გაყვანაში, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის გამოკითხვის დასრულების შემდეგ, ​გამომძიებელმა თამუნა ვახანიამ განაცხადა.

თამუნა ვახანიას თქმით, გამოძიება აუცილებლად შეაფასებს ივანე მერაბიშვილის მიერ მოწოდებულ ზოგადი ხასიათის ინფორმაციას და ჩატარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.

„დღეს მოწმის სახით დაიკითხა ივანე მერაბიშვილი. მან დაასახელა რამდენიმე პირის ზოგადი ხასიათის მახასიათებლები, რომლებიც მისი განმარტებით მონაწილეობდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მის გაყვანაში. გამოძიება აუცილებლად შეაფასებს მის მიერ მოწოდებულ ზოგადი ხასიათის ინფორმაციას და აუცილებლად შეფასდება ყველა გარემოება. ამის შემდგომ დაიგეგმება და ჩატარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება“, – განაცხადა თამუნა ვახანიამ.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრი ვანო მერაბიშვილი ციხის საკნიდან გაყვანის ეპიზოდთან დაკავშირებით N9 პენიტენციურ დაწესებულებაში ადვოკატის თანდასწრებით დღეს გამოკითხეს.