გამოკითხვის მიხედვით, უკრაინაში იმ ადამიანთა რიცხვი იზრდება, რომლებსაც არჩევნების ჩატარება ომის დასრულებამდე, თუმცა ცეცხლის შეწყვეტისა და უსაფრთხოების გარანტიების პირობებით სურთ
უკრაინაში იმ ადამიანთა რიცხვი იზრდება, რომლებსაც არჩევნების ჩატარება ომის დასრულებამდე, თუმცა ცეცხლის შეწყვეტისა და უსაფრთხოების გარანტიების პირობებით სურთ, – ამის შესახებ ინფორმაციას კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტი ავრცელებს.
კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისა და უსაფრთხოების გარანტიების პირობით არჩევნების ჩატარების მსურველთა რიცხვი მარტიდან სექტემბრამდე პერიოდში 13%-ით გაიზარდა და 22% შეადგინა.
ინსტიტუტის ცნობით, აღნიშნული ზრდა, შესაძლოა, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ბოლოდროინდელ არსებით განხილვებს უკავშირდებოდეს.
ამავე გამოკითხვის შედეგების თანახმად, უკრაინელების უმრავლესობა (63%) ისევ მიიჩნევს, რომ არჩევნები საბოლოო სამშვიდობო შეთანხმების დადებისა და ომის სრულად დასრულების შემდეგ უნდა ჩატარდეს.
სტაბილურად დაბალ, 12%-ს შეადგენს იმ გამოკითხულთა რიცხვი, ვინც მიიჩნევს, რომ არჩევნები დაუყოვნებლივ უნდა ჩატარდეს.
ცნობისთვის, კიევის საერთაშორისო სოციოლოგიის ინსტიტუტმა გამოკითხვა 2-14 სექტემბრამდე პერიოდში სატელეფონო ინტერვიუების მეშვეობით უკრაინის მთავრობის მიერ კონტროლირებად ყველა ტერიტორიაზე ჩაატარა. გამოიკითხა უკრაინის 18 წელს ზემოთ ასაკის 1023 მოქალაქე. ამასთან, სტატისტიკური ცდომილება 4.1%-ს არ აღემატება.