გამოკითხვის მიხედვით, პოლონეთში პრეზიდენტ კაროლ ნავროცკის რეიტინგი გაიზარდა, რასაც ვოლოდიმირ ზელენსკისთვის „თეთრი არწივის“ ორდენის ჩამორთმევის გადაწყვეტილებას უკავშირებენ
Onet-ის დაკვეთით სოციოლოგიური კვლევის ინსტიტუტის IBRiS-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, პოლონეთში პრეზიდენტ კაროლ ნავროცკის ნდობის რეიტინგი გაიზარდა.
გამოკითხვის თანახმად, კაროლ ნავროცკის რეიტინგი 54,8% შეადგენს, რაც გასულ თვესთან შედარებით 8,45 პროცენტით მეტია.
ექსპერტები აზრთა ცვლილებას უკავშირებენ ნავროცკის გადაწყვეტილებას, რომელმაც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის „თეთრი არწივის“ ორდენი ჩამოართვა. პოლონეთის ლიდერმა აღნიშნული გადაწყვეტილება 19 ივნისს მიიღო, ხოლო კვლევა 19-21 ივნისს ჩატარდა.
რაც შეეხება სხვა პოლიტიკოსებს, მეორე ადგილზეა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი, რომელსაც გამოკითხულთა 42,6 % ენდობა, ხოლო მესამე ადგილზე – პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკია 38,1%-ით.
შეგახსენებთ, რომ პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის „თეთრი არწივის“ ორდენის ჩამორთმევის გადაწყვეტილება 19 ივნისს მიიღო. როგორც კაროლ ნავროცკიმ განაცხადა, „თეთრი არწივის“ ორდენი არ არის ჩვეულებრივი ჯილდო, არამედ პოლონეთის უმაღლესი ნდობის სიმბოლოა, რომელიც პოლონურ სახელმწიფოსთან განსაკუთრებულ კავშირსა და პოლონელი ხალხის განსაკუთრებულ მადლიერებას გამოხატავს. კაროლ ნავროცკის განმარტებით, გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი თანახმაა, უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთ დანაყოფს „უკრაინის მეამბოხეების არმიის გმირების“ სახელწოდება მიენიჭოს.