გამოკითხვების მიხედვით, ესპანეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ცენტრისტულ-მემარჯვენე PP და მემარჯვენე რადიკალური Vox-ი საპარლამენტო უმრავლესობას მოიპოვებენ
ესპანეთში ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ცენტრისტულ-მემარჯვენე „სახალხო პარტია“ (PP) და მემარჯვენე რადიკალური პარტია Vox-ი ერთად პარლამენტში უმრავლესობას მოიპოვებენ. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
გაზეთ „ელ პაისის“ გამოკითხვის თანახმად, სახალხო პარტია და Vox-ი, ჯამში, 198 მანდატს მიიღებენ.
საპარლამენტო უმრავლესობისთვის 176 მანდატია საჭირო. 2023 წლის არჩევნებზე ორივე პარტიამ ერთად 170 მანდატი მოიპოვა.
გამოკითხვის შედეგების მიხედვით, სოციალისტები 112 მანდატს მიიღებენ, რაც სამი წლის წინანდელ შედეგზე ნაკლებია.
მსგავს შედეგს აჩვენებს El Confidencial-ის გამოკითხვაც, რომლის თანახმად, PP და Vox-ი ჯამში 200 მანდატს მოიპოვებენ.
ცნობისთვის, ესპანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 29 ნოემბერს გაიმართება. ის სოციალისტმა პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა დანიშნა.
სანჩესმა ვადამდელი არჩევნების დანიშვნის გადაწყვეტილება საბინაო კრიზისის გამო გამართული მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე მიიღო. საბინაო კრიზისის გასაპროტესტებლად ესპანეთის ქალაქების ქუჩებში ათიათასობით ადამიანი გამოვიდა. აქტივისტები ესპანეთის მთავრობის გადადგომას ითხოვდნენ და შეკრებილებს საყოველთაო გაფიცვისკენ მოუწოდებდნენ.