გამოცემა ONE-ი - ქართულმა მხარემ „ჰაპოელთან“ შეთანხმებას მიაღწია და ჯიკიჩი საქართველოს ნაკრებს გაუძღვება #1TVSPORT
საქართველოს კალათბურთის ფედერაცია დიდი ხანია იერუსალიმის „ჰაპოელის“ მთავარ მწვრთნელთან, სერბ ალექსანდარ ჯიკიჩთან და მის კლუბთან მოლაპარაკებას აწარმოებს.
უკანასკნელი ინფორმაციით, ქართულმა მხარემ უშუალოდ 52 წლის სპეციალისტთან შეთანხმებას მიაღწია ნაკრების გაწვრთნასთან დაკავშირებით. პრობლემა მის ამჟამინდელ კლუბს უკავშირდებოდა, რომელიც თანახმა არ იყო, ჯიკიჩს საქართველოს ეროვნულ გუნდშიც ემუშავა.
გამოცემა ONE-ის ინფორმაციით კი, ფედერაციამ შეთანხმებას მიაღწია და ალექსანდარ ჯიკიჩი აუცილებლად გახდება საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი.
გამოცემის ცნობით, იერუსალიმის „ჰაპოელის“ მფლობელი გარანტიას ითხოვდა, რომ ჯიკიჩის დანიშვნით საქართველოს ეროვნულ გუნდში მის კლუბს პრობლემები არ შეექმნებოდა და მან ეს გარანტია მიიღო.
ალექსანდარ ჯიკიჩი 2023 წელს ისრაელის ლიგის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს. მან თავის გუნდი ასევე გაიყვანა საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის ფინალში. ნახევარფინალში „ჰაპოელმა“ გიორგი შერმადინის „ტენერიფეს“ 69:68 მოუგო.
მიმდინარე სეზონში „ჰაპოელმა“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი ხუთი გამარჯვებითა და ერთი მარცხით დაძლია, ხოლო ისრაელის ჩემპიონატში ერთი გამარჯვებითა და სამი მარცხით ჯერ ბოლო ადგილზეა.