გამოცემა Euobserver – ბრიუსელის დიპლომატიურ კულუარებში ბოლო დროს ბევრს საუბრობენ ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის შესაძლო სტრუქტურულ ცვლილებებზე ან უფრო მასშტაბურ რეფორმებზე

22:10, 24.06.2026

„ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურთან დაკავშირებული სამი პრობლემა და რადიკალური გადაწყვეტილება“ – ამ სათაურით აქვეყნებს გამოცემა „ობზერვერი“ (Euobserver) სტატიას.

სტატიის ავტორი სტეფან ლენე მიიჩნევს, რომ 2009 წელს ლისაბონის შეთანხმების საფუძველზე განხორციელებულ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის რეფორმას ორი სტრუქტურული ნაკლი აქვს.

პირველი – ერთი ადამიანი ერთდროულად იკავებს სამ დამოუკიდებელ თანამდებობას. კერძოდ, კაია კალასი არის საგარეო საქმეთა საბჭოს თავმჯდომარე, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი და ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელი. მას არ ჰყავს მოადგილეები, რის გამოც, აღნიშნული პოზიცია შეუძლებელს ხდის დაკისრებული მოვალეობების სრულფასოვნად შესრულებას როგორც კალასისთვის, ისე მისი ყველა წინამორბედისთვის.

მეორე – სუსტი ინსტიტუციური პოზიციაა. ლისაბონის რეფორმამ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაში მანამდე არსებული როტაციული პრაქტიკა შეცვალა და შექმნა საგარეო ქმედებათა სამსახური, როგორც „ჰიბრიდული“ ნახევრადინსტიტუტი, სუსტი ინსტიტუციური იდენტობით. ის მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ევროკომისიაზე, ბიუჯეტისა და პროცედურების თვალსაზრისით და ევროკავშირის საბჭოზე, რითაც უწყება უუნარო აღმოჩნდა ეფექტურად გაეწია კოორდინირება საგარეო და ეკონომიკური პოლიტიკისთვის. იშვიათი გამონაკლისების გარდა, მას ასევე არ ჰქონდა წევრი სახელმწიფოების საკმარისი მხარდაჭერა, რათა საგარეო პოლიტიკის ფორმირებაში წამყვანი როლი დაეკავებინა.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ვიდრე საერთაშორისო გარემო შედარებით მშვიდი იყო, ევროკავშირს ამ ნაკლოვანებებთან შეგუება შეეძლო, თუმცა ბოლო წლების მოვლენებმა არსებული სისტემა საფრთხის წინაშე დააყენა.

საგარეო ქმედებათა სამსახურის შექმნის მიზეზი გახდა ის, რომ ზოგიერთი წევრი ქვეყანა მიიჩნევდა, რომ ევროკომისია უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებისგან დისტანცირებული უნდა ყოფილიყო. თუმცა, დღეს კომისია სრულად არის ჩართული ამ სფეროებში. მას ჰყავს თავდაცვის კომისარი, რომელიც ევროკავშირის გადაიარაღების კოორდინაციისთვის რიგ ინსტრუმენტებს მართავს.

ამასთან, როგორც სტატიის ავტორი წერს, ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიას გეოპოლიტიკურ აქტორად განიხილავს. მან პირადად დაიკავა აქტიური როლი საგარეო პოლიტიკაში. მისი პრეზიდენტობის პერიოდში, კომისიამ წამყვანი პოზიცია დაიკავა ისეთ სფეროებში, როგორიცაა სანქციების პოლიტიკა და ხმელთაშუა ზღვის რეგიონი, რომლებიც მანამდე საგარეო ქმედებათა სამსახური კურირებდა.

„მიუხედავად იმისა, რომ უმაღლესი წარმომადგენელი თავმჯდომარეობს საგარეო საქმეთა საბჭოს, მისი შესაძლებლობა, გავლენა მოახდინოს პოლიტიკაზე, შეზღუდულია. ეს უფრო წევრ სახელმწიფოებს შორის არსებული უთანხმოებით აიხსნება, ვიდრე თავად უმაღლესი წარმომადგენლის ნაკლოვანებებით. შედეგად, საგარეო პოლიტიკის კოორდინაცია სულ უფრო ხშირად ხდება მცირე ჯგუფებში, ფორმალური ინსტიტუტების ფარგლებს გარეთ ან ევროკავშირის საბჭოში პრეზიდენტებისა და პრემიერ-მინისტრების დონეზე, რის გამოც უმაღლესი წარმომადგენლის როლი მეორე პლანზე გადადის“, – აღნიშნულია სტატიაში.

ამასთან, სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ჰენრი კისინჯერის ცნობილ კითხვას – „ვის უნდა დაურეკოს აშშ-მა, როდესაც ევროპასთან საუბარი სურს“, დღეს უკვე მკაფიო პასუხი აქვს – ევროკომისიის პრეზიდენტს.

ავტორის თქმით, ტრადიციულ დიპლომატიასა და ეკონომიკურ ურთიერთობებს შორის ზღვარი სულ უფრო ბუნდოვანი გახდა. „ყველაფრის იარაღად ქცევის“ ფონზე, ევროკავშირის მრავალი პოლიტიკა – სავაჭრო, საინვესტიციო, კონკურენციისა და ტექნოლოგიური მიმართულებები, მოითხოვს როგორც უფრო ხისტ, ისე უფრო მოქნილ მიდგომებს.

სტატიის ავტორის შეფასებით, გამოსავალი საგარეო ქმედებათა სამსახურის ევროკომისიასთან შერწყმაა. ეს შესაძლებელს გახდიდა უფრო მკაფიოდ განსაზღვრულიყო პასუხისმგებლობები, აღმოფხვრილიყო ​დუბლირება და დაზოგილიყო რესურსები. ამასთან, ევროკომისია უფრო შესაფერისი სტრუქტურა იქნება ეკონომიკური და საგარეო პოლიტიკური ინსტრუმენტების გასაერთიანებლად. ამავე დროს, უნდა შენარჩუნდეს წევრი ქვეყნების დიპლომატების მონაწილეობა და სპეციალური ზედამხედველობის მექანიზმები მშვიდობის, უსაფრთხოებისა და თავდაცვის დეპარტამენტებზე.

„რთული იქნება შეთანხმებაში გაწერილი უმაღლესი წარმომადგენლის როლების რეფორმა, მაგრამ ის შეძლებდა, მისი ყურადღება მიემართა ვიცე-პრეზიდენტის როლზე. ამავდროულად, უფრო მჭიდროდ ეთანამშრომლა წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებთან, რათა უმაღლესი წარმომადგენლის სამუშაო უფრო მართვადი გამხდარიყო.

როგორც სტატიის ავტორი ამბობს, ინსტიტუციური რეფორმა პანაცეას არ წარმოადგენს, თუმცა იმ მექანიზმების მოდერნიზება, რომლებიც აშკარად არ შეესაბამება რადიკალურად შეცვლილ საერთაშორისო გარემოს, სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა“, – აღნიშნულია სტატიაში.

მსგავსი