გამოცემა „ბილდის“ ინფორმაციით, ჯამალ მუსიალა მიუნხენის „ბაიერნს“ მიმდინარე წლის ბოლომდე ვერ დაეხმარება #1TVSPORT
გერმანული გამოცემის, „ბილდის“ ინფორმაციით, მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელს, ჯამალ მუსიალას მოტეხილობა დაუდგინდა, რის გამოც, სავარაუდოდ, ოთხ ან ხუთ თვეს გამოტოვებს. მოედანზე მის დაბრუნებას 2025 წლის ბოლოს ან 2026 წლის დასაწყისში ელიან.
მუსიალამ დაზიანება „პარი სენ-ჟერმენის“ წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში მიიღო, როდესაც ჯანლუიჯი დონარუმას შეეჯახა და მატჩის შემდეგ პირდაპირ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
22 წლის ჯამალ მუსიალამ ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე სამი გოლი გაიტანა. ჯამში კი, 2024/2025 წლის სეზონში ყველა ტურნირზე 21 გოლი მოაგროვა.
ფეხბურთელი მიუნხენის „ბაიერნის“ წევრი 2020 წელს გახდა. მან 2023 წელს „ოქროს ბიჭუნას“ დაჯილდოებაზე მეორე ადგილი დაიკავა, ხოლო 2024 წელს გერმანიის ნაკრების საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.