გამოცემა „აქსიოსის“ ცნობით, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, კამალა ჰარისის შტაბსა და თეთრ სახლს შორის დაძაბულობა იზრდება
ამერიკული გამოცემის, „აქსიოსის“ ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისის შტაბსა და თეთრ სახლს შორის ურთიერთობები სულ უფრო დაძაბული ხდება.
სტატიაში ნათქვამია, რომ ბაიდენის გუნდს სურს ჰარისის გამარჯვება არჩევნებში, თუმცა ამჟამინდელი პრეზიდენტის ზოგიერთი თანაშემწე ჯერ კიდევ ეჩვევა მეორეხარისხოვან როლს წინასაარჩევნო კამპანიაში.
თავის მხრივ, ჰარისის გუნდის ზოგიერთი წევრი ამბობს, რომ თეთრი სახლის წამყვანი თანაშემწეები არასაკმარისად ახდენენ ბაიდენის გზავნილებისა თუ მოქმედებების კოორდინირებას, რათა ის ვიცე-პრეზიდენტის კამპანიის საუკეთესო ინტერესებს შეუსაბამონ.
სტატიაში მაგალითად მოყვანილია გასულ კვირას ბაიდენის მიერ გამართული იმპროვიზებული პრესკონფერენცია, რომელიც სწორედ მაშინ ჩატარდა, როდესაც ჰარისი აპირებდა ღონისძიების გამართვას მიჩიგანში, რამაც გარანტირებულად შეამცირა ვიცე-პრეზიდენტის ღონისძიების სატელევიზიო გაშუქება.
ასევე, კვირის დასაწყისში ჰარისმა გააკრიტიკა ფლორიდის გუბერნატორი რონ დესანტისი იმის გამო, რომ მან არ უპასუხა მის ზარს ბოლოდროინდელ ქარიშხლებთან დაკავშირებით, თუმცა ამის შემდეგ მალევე ბაიდენმა შეაქო დესანტისი „თავაზიანობისა“ და „თანამშრომლობისთვის მზადყოფნისთვის“.
„თეთრ სახლს აკლია ადამიანი, რომელიც უპირველესად იფიქრებდა იმაზე, თუ როგორ იმოქმედებს ეს ყველაფერი საარჩევნო კამპანიაზე“, – აღნიშნა ჰარისის გუნდის წარმომადგენელმა.
გარდა ამისა, ჰარისის კამპანიაში ასევე შეიმჩნევა უხერხულობა მათ შორის, ვინც ბაიდენის თავდაპირველ საარჩევნო შტაბში შედიოდა და მათ შორის, ვინც ვიცე-პრეზიდენტის შტაბს ბოლო კვირებში შეუერთდა. პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ ჰარისის გუნდის ზოგიერთი წევრი ბაიდენის გუნდს სიფრთხილით ეკიდება.
ცნობისთვის, Reuters/Ipsos-ის გამოკითხვის თანახმად, დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი კამალა ჰარისი დონალდ ტრამპს მცირე სხვაობით უსწრებს. ჰარისს 46 პროცენტი აქვს, ხოლო ტრამპს 43 პროცენტი.
ასევე, გამოკითხვებმა აჩვენა, რომ ე.წ. მერყევ შტატებში კანდიდატებს შორის სხვაობა ცდომილების ფარგლებშია.