გამოცემა „აქსიოსი“ – ჯეი დი ვენსი და მარკო რუბიო დონალდ ტრამპისადმი ერთგულების ფასს იხდიან
ჯეი დი ვენსი და მარკო რუბიო დონალდ ტრამპისადმი ერთგულების ფასს იხდიან, – ამის შესახებ გამოცემა „აქსიოსი“ წერს.
გამოცემის ცნობით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი და სახელმწიფო მდივანი რესპუბლიკური პარტიის ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე წევრები არიან, რომლებსაც შესაძლებლობა აქვთ, 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭი იყარონ. თუმცა, იმ ფონზე, როდესაც დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებებმა ამერიკელების უკმაყოფილება გამოიწვია, ვენსი და რუბიო კვლავ პრეზიდენტის ერთგულ მხარდამჭერებად რჩებიან, რაც მათ პოლიტიკურ რეიტინგებზე უარყოფითად აისახება.
„აქსიოსის“ შეფასებით, ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა თავი ახალი თაობის, ინტერვენციონისტ რესპუბლიკელად წარმოაჩინა, რომელიც ერიდება საერთაშორისო კონფლიქტებში ჩარევას და ეწინააღმდეგება რესპუბლიკური პარტიის მიერ ისრაელის უპირობო მხარდაჭერას. ამასთან, ვენსი ირანთან ომის დაწყების წინააღმდეგი იყო და ომი რესპუბლიკური პარტიისთვის შუალედურ არჩევნებში მარცხის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად დაასახელა.
რაც შეეხება სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს, სენატში ყოფნის პერიოდში ის აქტიური საგარეო პოლიტიკის მომხრე და რუსეთისა და ჩინეთის მკაცრი კრიტიკოსი იყო. თუმცა, დონალდ ტრამპთან დაახლოების შემდეგ, რუბიო ძირითადად პრეზიდენტის პოზიციებს იზიარებს.
„როგორც ცნობილია, არჩევნების შემდეგ ვენსის კრიტიკამ, როდესაც მან რესპუბლიკური პარტიის დანაკარგები ომს დაუკავშირა, ტრამპის გაღიზიანება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი დაეთანხმა ვენსს, რომ ამომრჩევლები ომის შედეგად გამოწვეული მაღალი ფასებით იყვნენ უკმაყოფილო, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მის ვიცე-პრეზიდენტს არ უთქვამს, თითქოს ომი სწორი გადაწყვეტილება იყო“, – წერს გამოცემა.
„აქსიოსის“ ცნობით, ვენსი ირანის წინააღმდეგ ომის დაწყების მოწინააღმდეგე იყო, რუბიო კი პრეზიდენტის სამხედრო გადაწყვეტილების ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ მხარდამჭერად რჩება. გამოცემის შეფასებით, ეს გარემოება შესაძლოა, რუბიოსთვის პრობლემური აღმოჩნდეს, თუ ის 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გადაწყვეტს და ირანთან ომი კვლავ ისეთივე არაპოპულარული იქნება, როგორც ახლა.