ევროკავშირმა და ბაიდენის ადმინისტრაციამ წამოიწყეს უპრეცედენტო შეტევა ევროკავშირის კანდიდატი სახელმწიფოს, საქართველოს წინააღმდეგ. ამის რეალური მიზეზი არ არის დემოკრატიაზე ზრუნვა, არამედ პოლიტიკური ბრძოლაა, – ამის შესახებ ნათქვამია ამერიკული კონსერვატიული გამოცემის, American Thinker-ის სტატიაში.
სტატიის თანახმად, საქართველოს მთავრობას „პუტინისტური რეჟიმის“ იარლიყი მიაწებეს, რადგან რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდა.
„რატომ გამოარჩიეს საქართველოს მთავრობა? პირველ რიგში, იმიტომ, რომ მან უარი თქვა, ევროპის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს მიერთებოდა. ამის გამო მას პუტინისტური რეჟიმის იარლიყი მიაწებეს. არ შეგეშალოთ, საქართველო არ არის პრორუსული ქვეყანა. თბილისს არც კი აქვს დიპლომატიური ურთიერთობები მოსკოვთან. რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული და ქვეყნის უსაფრთხოების მთავარი საფრთხეა, თუმცა ისინი მეზობელი ქვეყნები არიან და ღრმა ეკონომიკური კავშირები აქვთ. რუსეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი საექსპორტო ბაზარია, ამიტომ სანქციებს მისი ეკონომიკისთვის დამანგრეველი შედეგები ექნებოდა“, – ნათქვამია American Thinker-ის სტატიაში.
სტატიის ავტორის განცხადებით, „ევროკავშირი ამტკიცებს, რომ საქართველოს ზოგიერთი კანონი შეუთავსებელია ევროპულ დემოკრატიულ ღირებულებებთან“. მისივე თქმით, ერთ-ერთი ასეთი კანონი ეხება ოჯახურ ღირებულებებსა და არასრულწლოვანთა დაცვას.
„მეორე კანონი ეხება უცხოური გავლენის გამჭვირვალობას, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას ავალდებულებს, ყოველწლიური ფინანსური დეკლარაციები გაამჟღავნონ. საქართველოში დაახლოებით 26 000 არასამთავრობო ორგანიზაციაა – 143 მოქალაქეზე ერთი ორგანიზაცია, რაც გლობალურად უკიდურესად მაღალი მაჩვენებელია. მიუხედავად იმისა, რომ ამ ორგანიზაციების 90% უცხოურ დახმარებაზეა დამოკიდებული, მხოლოდ 26-მა პროცენტმა გახადა თავისი ფინანსები გამჭვირვალე. თანხების უმეტესი ნაწილი მოდიოდა იუესაიდი-დან, „ევროპის დემოკრატიის ფონდიდან“ და სხვა დასავლური წყაროებიდან, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ კულტურულ ომში ქვეყანაში, რომელიც ქრისტიანულ სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე რელიგიურ საზოგადოებად ითვლება. უცხოური დახმარების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბენეფიციარი იყო „თბილისი პრაიდი“, ხოლო კიდევ ერთმა ორგანიზაციამ იუესაიდი-ს თანხებით ოპოზიციონერი აქტივისტებისთვის „რევოლუციური სემინარები“ მოაწყო. სწორედ ამიტომ, 2008 წლიდან არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ საზოგადოებრივი უნდობლობა 17%-დან 32%-მდე გაიზარდა“, – აღნიშნავს სტატიის ავტორი.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, „ბაიდენის ადმინისტრაციამ საქართველო დასაჯა სანქციებზე არმიერთებისთვის, პრაგმატული საგარეო ურთიერთობების გატარებისთვის, კონსერვატიული შიდა პოლიტიკისა და სამოქალაქო სფეროს გამჭვირვალობის მოთხოვნისთვის“.
„ბაიდენის ადმინისტრაციამ სანქციები დაუწესა ქართველ ოფიციალურ პირებს და განუსაზღვრელი ვადით გადადო აშშ-საქართველოს ერთობლივი სამხედრო წვრთნები. ევროკავშირმა გაყინა საქართველოს გაწევრიანების პროცესი და მოითხოვა ამ კანონების გაუქმება. საქართველოს მთავრობამ უარი თქვა მოთხოვნების შესრულებაზე, შესაბამისად, განიცადა უპრეცედენტო თავდასხმა ევროპელი პარტნიორების მხრიდან. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ევროკავშირის პოლიტიკოსები და ევროპელი აქტივისტები აქტიურ კამპანიას აწარმოებდნენ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ. მათმა სისასტიკემ აღაშფოთა ქართველების აბსოლუტური უმრავლესობა და მმართველმა პარტიამ არჩევნები დიდი უპირატესობით მოიგო“, – ნათქვამია American Thinker-ის სტატიაში.
ამასთან, სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ „ევროკავშირმა გააკეთა ის, რაც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა მიუნხენში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ევროკავშირმა სცადა საქართველოში არჩევნების გაუქმება“.
„ევროპარლამენტმა გამოსცა რეზოლუცია, სადაც საერთაშორისო ზედამხედველობის ქვეშ ვადამდელი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდა, მიუხედავად იმისა, რომ ხმების 90% დათვლილია ნიდერლანდური ელექტრონული სისტემით, რომელიც საქართველოს ხელისუფლებისთვის თავად ევროკომისიის მიერ არის რეკომენდებული. მეტიც, ევროპარლამენტის რეზოლუცია გამოიცა ეუთო-ს დამკვირვებელთა მისიის საბოლოო ანგარიშის გამოქვეყნებამდე, სადაც არ აღმოჩნდა არჩევნების სისტემური გაყალბების მტკიცებულება“, – ნათქვამია სტატიაში.
სტატიის თანახმად, „საქართველო აშშ-ისა და ევროკავშირის ერთგული პარტნიორია და სწორედ „ქართული ოცნების“ მთავრობამ, რომელიც ახლა დასავლეთის ცეცხლის ქვეშაა, კონსტიტუციაში შეიტანა ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაცია, როგორც ქვეყნის საგარეო დღის წესრიგის საფუძველი“.
„საქართველოს არ სურს, უკრაინის ბედი გაიზიაროს და იბრძვის მშვიდობის, სტაბილურობისა და ეკონომიკური ურთიერთობებისთვის როგორც მეზობლებთან, ასევე დასავლელ პარტნიორებთან. საქართველოს მთავრობა მიესალმა აშშ-ის საგარეო დახმარების პოლიტიკის ღრმა ცვლილებას და იუესაიდი-ს მუშაობის შეჩერებას. თბილისი ფუნდამენტურად ეთანხმება ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს, როდესაც ის მოუწოდებს ევროპელ ლიბერალებს, შეწყვიტონ ჩარევა სუვერენული სახელმწიფოების არჩევნებში. საქართველო მზადაა, აღადგინოს პარტნიორობა აშშ-სა და ევროკავშირთან ურთიერთპატივისცემისა და საერთო ინტერესების საფუძველზე. დროა, ჩავერთოთ გეოპოლიტიკაში ისე, როგორც ეს არის გამიზნული – არა ლიბერალური დემოკრატიის ექსპორტითა და არჩევნებში ჩარევით, არამედ უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ზომებით და ძლიერი ეკონომიკური თანამშრომლობით“, – აღნიშნავს სტატიის ავტორი.