გამოცდების ეროვნული ცენტრი სამაგისტრო გამოცდების სამომავლო ტესტირების პასუხების გამოქვეყნებას უარყოფს
გამოცდების ეროვნული ცენტრი სამაგისტრო გამოცდების სამომავლო ტესტირების პასუხების გამოქვეყნებას უარყოფს

გამოცდების ეროვნული ცენტრი სამაგისტრო გამოცდების სამომავლო ტესტირების პასუხების გამოქვეყნებას უარყოფს.

როგორც ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, naec.gov.ge-ს ვებგვერდის მობილურ ვერსიაზე ვიზიტორები არაკორექტირებულ ფაილს ხედავდნენ, რამაც დაბნეულობა გამოიწვია.

„ცენტრის ვებგვერდზე www.naec.gov.ge გამოქვეყნებულია A ტიპის სამაგისტრო ტესტი და A ტიპის ტესტის პასუხები. გვერდის მობილურ ვერსიაზე ვიზიტორები არაკორექტირებულ ფაილს ხედავდნენ, რამაც დაბნეულობა გამოიწვია. განვმარტავთ, რომ ფაილში მოცემული დამატებითი ინფორმაცია არ არის საგამოცდო ტესტის ვერსიების სწორი პასუხები, რაშიც არა მხოლოდ აპლიკანტები, არამედ ნებისმიერი მსურველი დარწმუნდება ტესტების და სწორი პასუხების გამოქვეყნებისას“,- ნათქვამია ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ვებგვერდზე შემთხვევით, სავარაუდოდ, სამაგისტრო გამოცდების სამომავლო ტესტირების პასუხები რამდენიმე წუთით გამოაქვეყნა. საუბარია მაგისტრატურის B და C ტესტის ტიპებზე, რომელიც 18-19 და 24-25 ივლისს უნდა ჩატარდეს.

ტესტების შესაძლო პასუხების ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა. როგორც ერთ-ერთი სტუდენტი სოციალურ ქსელში წერდა, პასუხები გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე რამდენიმე წუთის განმავლობაში იყო ხელმისაწვდომი.