გამბიიდან კანარის კუნძულებისკენ მიმავალი ნავის ჩაძირვის შედეგად დაღუპულ მიგრანტთა რიცხვი 80-მდე გაიზარდა

20:42, 03.09.2026

გამბიიდან კანარის კუნძულებისკენ მიმავალი ნავის ჩაძირვის შედეგად დაღუპულ მიგრანტთა რიცხვი 80-მდე გაიზარდა. ინციდენტი კუნძულ გრან-კანარიასთან მოხდა. ნავზე სულ 128 ადამიანი იმყოფებოდა, რომელთა ნაწილის გადარჩენა მოხერხდა. ამის შესახებ ესპანეთის საზღვაო სამაშველო სამსახურმა განაცხადა. ინფორმაციას „სქაი ნიუსი“ ავრცელებს.

მაშველების ინფორმაციით, ნავი გამბიიდან 7 აგვისტოს გავიდა. 27 დღის შემდეგ ის გრან-კანარიის სამხრეთ სანაპიროსთან აღმოაჩინეს. მაშველებმა ნავს შუაღამისას მიაღწიეს და გადარჩენილები არგინეგინის პორტში გადაიყვანეს. მაშველების მისვლისას ნავზე, სულ მცირე, ხუთი დაღუპულის ცხედარი იმყოფებოდა. სამსახურის წარმომადგენლების განცხადებით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო სხვა დაღუპულთა ცხედრების ამოყვანა ვერ მოხერხდა.

3 სექტემბრის დილით მაშველებმა დაადასტურეს, რომ 128 მგზავრიდან 80 ადამიანი დაიღუპა.

კანარის კუნძულების მთავრობის ხელმძღვანელმა, ფერნანდო კლავიხომ განაცხადა, რომ
ეს ტრაგედია კიდევ ერთი შეხსენებაა, თუ რა საფრთხეები ახლავს თან ატლანტიკის მიგრაციულ მარშრუტს.

მისივე თქმით, ზღვაში ადამიანების დაღუპვა წესად არ უნდა იქცეს და ამ პრობლემის გადასაჭრელად საჭიროა მიგრაციის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად ესპანეთის პრემიერ-მინისტრი სეუტაში მიგრაციული კრიზისის გამო მზარდი პოლიტიკური წნეხის ქვეშაა მოქცეული. 2 სექტემბერს, ესპანეთის მასშტაბით ქუჩებში ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა, რათა ამ საკითხთან დაკავშირებით მთავრობის მოქმედებები გაეპროტესტებინა.

მსგავსი