გამარჯვებული ქართველი მორაგბეები რუსეთიდან დაბრუნდნენ [ვიდეო]

რუსეთის ნაკრებთან ჩატარებული წარმატებული მატჩის შემდეგ, ქართველი მორაგბეები საქართველოში დაბრუნდნენ. სპორტსმენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გულშემატკივრები შეძახილებით დახვდნენ.

რაგბის კავშირის პრეზიდენტ გოჩა სვანიძის თქმით, წლევანდელი ტურნირის ხარისხი ბევრად მაღალი იყო.

„დარწმუნებული ვარ, მსოფლიო ჩემპიონატზეც ასე გაგრძელდება. წუთითაც არ გვეგონა, რომ შესაძლოა, ეს თამაში წაგვეგო. საშინელი წვიმა იყო, თუმცა მოხდა ისე, როგორც უნდა მომხდარიყო“, – განაცხადა გოჩა სვანიძემ.

მორაგბე გიორგი ნემსაძის თქმით, ცუდი ამინდის მიუხედავად, შეხვედრა საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა.

„არ გამოვიდა ისეთი თამაში, როგორიც გვინდოდა. ამინდმა ხელი შეგვიშალა ჩვენი სტილის ჩვენებაში, თუმცა მთავარია, მოვიგეთ. მოვახერხეთ მობილიზაცია, ამინდთან ადაპტაცია, და თამაში ისე დავასრულეთ, როგორც გვინდოდა. ტურნირი ამ თამაშამდე ისედაც მოგებული გვქონდა, მაგრამ გვსურდა, ზეიმი გამოსულიყო. მოგებულ თამაშზე თასი არ გვეწერა და ასეც გამოვიდა“, – განაცხადა გიორგი ნემსაძემ.

რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩი რუსეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის ქალაქ კრასნოდარში გაიმართა. საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუსეთი ანგარიშით 22:6 დაამარცხა.

დატოვე კომენტარი