გუშინდელ შეხვედრაში ხორვატიამ ნიგერია დამაჯერებლად დაამარცხა და ურთულეს „D“ ჯგუფს სათავეში ჩაუდგა.
„სუპერ არწივების“ დაცვას ყველაზე მეტი პრობლემა მარიო მანჯუკიჩმა შეუქმნა.
ბურთის ფლობაში დიდი უპირატესობის მიუხედავად ხორვატია საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე ვერ ახერხებდა გოლის გატანას, თუმცა შემდეგ მანჯუკიჩის თავური მეტოქის კარის ბადეში გაეხვა. მეორე გოლი კი მის მიერ მოპოვებული პენალტის შემდეგ ლუკა მოდრიჩმა გაიტანა.
„რა თქმა უნდა მინდოდა, რომ გამარჯვებაში დიდი როლი მეთამაშა“- უთხრა მანჯუკიჩმა FIFA-ს თამაშის შემდეგ. „ჩვენ ძალიან მოტივირებულები ვართ – საკლუბო დონეზე ბევრი ტიტული მაქვს და ახლა იგივეს გამეორება ნაკრებთან ერთად მინდა.“
„სუპერ მარიო“ მთელი მატჩი დაუღლელად ირჯებოდა და თანაგუნდელებს სივრცეებს უქმნიდა – „პირველი მიზანი ჯგუფური ეტაპის დაძლევაა, რისი უნარიც ცალსახად გვაქვს. ბევრი საუბრობს 98 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, იმედია მინიმუმ ანალოგიურ შედეგს გავიმეორებთ.“
მანჯუკიჩმა ხორვატიის მთავარ მწვრთელზე, ზლატკო დალიჩზეც ისაუბრა –
„დალიჩმა მსოფლიო თასზე გაგვიყვანა და მატჩების დროს ძალიან კარგ გადაწყვეტილებებს იღებდა. მიხარია, რომ ზლატკო ჩვენი გუნდის წევრია.“