საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა შვეიცარიელ თანატოლებთან პირველი ამხანაგური მატჩი გამართა და ძლიერი მოწინააღმდეგე საკუთარ მოედანზე დაამარცხა.
ლაშა ფირცხალაიშვილის გუნდმა მეტოქის პირველი შეტევები მოიგერია და მალე თავად შეუტია, 41-ე წუთზე კი ლუკა წულუკიძის შესრულებული ჯარიმის შემდეგ თავური დარტყმით ანგარიში ლუკა პარკაძემ გახსნა – 0:1.
საქართველოს ნაკრებმა 55-ე წუთზე შვეიცარიელებს მეორეც გაუტანა და ისევ წულუკიძის გადაცემით – 18-წლამდელების ნახევარმცველმა ბურთი საჯარიმოში ჩააწოდა, ლუკა ლაცაბიძემ კი ახლოდან ჩვენი უპირატესობა გაზარდა – 0:2.
შვეიცარიელებმა მთელი ძალებით შეუტიეს და 70-ე წუთზე ნანდო ტოგენბურგერის გოლით სხვაობა შეამცირეს – 1:2, მაგრამ მასპინძლებმა თამაშის გადარჩენა ვეღარ მოახერხეს და საქართველოს 18-წლამდელებმა 1:2 მოიგეს.
გუნდები ერთმანეთს მეორედ 28 აპრილსაც დაუპირისპირდებიან. ლაშა ფირცხალაიშვილის გუნდი ივნისიდან 19-წლამდე ნაკრების სტატუსს მიიღებს და 2022 წლის სექტემბერში, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპის მატჩებს გამართავს.
შვეიცარია – საქართველო
გოლები: 0:1 ლუკა პარკაძე (41. წულუკიძის პასით), 0:2 ლაცაბიძე (55. წულუკიძის პასით), 1:2 ტოგენბურგერი (70. ფიშერის პასით)
საქართველო19: მაქაცარია, გოგნაძე (71. დათუაშვილი), ლაცაბიძე, გოგლიჩიძე, პირტახია, ტაბატაძე (71. სიგუა), ცხოვრებაშვილი, ბაგრატიონი, პარკაძე (61. მორჩილაძე), წულუკიძე (89. გოცირიძე), ღურწკაია (61. იობაშვილი)
სათადარიგოები: კურტანიძე, ნოზაძე, ლაბაძე
მთავარი მწვრთნელი: ლაშა ფირცხალაიშვილი