გამარჯვება ოვერტაიმში - გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ „ბოლბაო“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

დაძაბულ, ოვერტაიმიან ბრძოლაში „ტენერიფემ“ სტუმრად „ბილბაო“ დაამარცხა და ესპანეთის ჩემპიონატის ცხრილში პოზიცია გაიმყარა. ლიგა ენდესას მე-7 ტურში გიორგი შერმადინის გუნდმა დიდი ბრძოლა გადაიტანა და მინიმალური სხვაობით – 94:93 იმარჯვა. ტენერიფელთა მეტოქე 6 მატჩიდან ოთხის მომგები „ბილბაო“ იყო, ხოლო თავად შერმადინის გუნდს აქტივში 2 გამარჯვება ჰქონდა. განვლილი 6 ტურის შედეგებით ფავორიტად მიჩნეულ „ბილბაოს“ „ტენერიფემ“ პრინციპული ბრძოლა მოუგო, რაშიც საკუთარი წილი ქართველმა ლეგიონერმაც დაიდო.

კანარიელებმა პირველ ტაიმში მაღალ დონეზე ითამაშეს, რის შედეგადაც დიდ შესვენებაზე 8-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ, თუმცა მეორე ნახევარში ბასკები უკეთ ათამაშდნენ. საბოლოოდ ძირითადი დრო 80:80 დასრულდა და ყველაფერი დამატებითმა ხუთწუთეულმა გადაწყვიტა, რომელიც ასევე დაძაბული იყო, მაგრამ „ტენერიფემ“ 1 ქულით მაინც გაიმარჯვა.

გიორგი შერმადინმა 18:17 წუთში 8 ქულა, 1 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. ქართველმა ცენტრმა 100%-იანი სიზუსტით ისროლა: 3-დან 3 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო. თუმცა გიორგიმ 5 პერსონალური ფოლის მიღება მოასწრო, რის გამოც თამაშს ნაადრევად გამოეთიშა და გუნდს ვერც ოვერტაიმში დაეხმარა.

„ტენერიფეში“ საუკეთესო ხაიმე ფერნანდესი იყო 17 ქულით, ხოლო „ბილბაოში“ ადამ სმითი – 14 ქულა.

„ტენერიფე“ 3 მოგებით და 4 წაგებით ლიგა ენდესაში მე-12 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 4 ნოემბერს „ანდორას“ უმასპინძლებს.