გამალებული შეიარაღება კოსმოსში: გახდება თუ არა კოსმოსური სივრცე ომის თეატრი?

11:40, 25.10.2026
„სფეის იქსის“ პირდაპირი ვებტრანსლაციის კადრზე ასახულია, როგორ უშვებს კომპანიის ხომალდი „სტარშიპი“ თანამგზავრებს ორბიტაზე

„სფეის იქსის“ პირდაპირი ვებტრანსლაციის კადრზე ასახულია, როგორ უშვებს კომპანიის ხომალდი „სტარშიპი“ თანამგზავრებს ორბიტაზე

რუსული სადაზვერვო თანამგზავრი სხვა სატელიტთან შეჯახების საფრთხეს შეგნებულად ქმნის. აშშ-მა ორბიტაზე იარაღი განათავსა. მასკი თავისი „სტარლინკით“ უკრაინის ომზე ახდენს გავლენას, ევროპა კი ამ ყველაფერს 80 თანამგზავრით ადევნებს თვალს – ერთი სიტყვით, უკვე დიდი ხანია, რაც კოსმოსური სივრცე ომის თეატრად იქცა.

უკვე რამდენიმე კვირაა, დედამიწიდან ათასობით კილომეტრის სიმაღლეზე, რუსული სადაზვერვო თანამგზავრი „კოსმოს 2612“, უხმოდ, აფეთქებებისა და სამეცნიერო ფანტასტიკური დრამის გარეშე ადევნებს თვალს ფინურ რადარულ თანამგზავრ „ICEYE-X36“-ს, რომელიც ღია კოსმოსიდან უკრაინას გარკვეულ მონაცემებს აწვდის. ამავდროულად, აშშ-მა პირველად დაადასტურა კოსმოსში თავისი იარაღის განთავსება.

პარალელურად, ჩინეთი 13 000 თანამგზავრისგან შემდგარი გიგანტური სატელიტური სისტემის შექმნას გეგმავს და მთვარისკენ მიიწევს. „ჩვენ წარმოუდგენლად დაუცველები ვართ, რადგან ჩვენი, ევროპული ინფრასტრუქტურა კოსმოსში სამხედრო კონფლიქტის შემთხვევისთვის სრულიად მოუმზადებელია“, — აცხადებს „ბავარიის რადიოსთან“ ინტერვიუში მიუნხენური აეროკოსმოსური სტარტაპის, Reflex Aerospace-ს დამფუძნებელი, ვალტერ ბალჰაიმერი.

ღია კოსმოსი მშვიდობიანი არასდროს ყოფილა, ახლა კი ის კიდევ უფრო საშიში ხდება

„V2“-ით და „სპუტნიკით“ დაწყებული, „ცივი ომის“ პერიოდით გაგრძელებული და დღევანდელი დღით დამთავრებული, კოსმოსში ფრენები ყოველთვის სამხედრო ინტერესების გათვალისწინებით ეწყობოდა. ბოლო ხანს მხოლოდ ტემპი და მასშტაბი შეიცვალა. რადიოელექტრონული ჩახშობა, სპუფინგი (სიგნალის ფალსიფიკაცია), მიწაზე განთავსებული ლაზერები, რომლებიც თანამგზავრის კამერებს აბრმავებენ – კოსმოსში ომი უკვე მიმდინარეობს.

ბონის უნივერსიტეტის უსაფრთხოების პოლიტიკის კვლევითი ცენტრის (CASSIS) აღმასრულებელი დირექტორი, ენრიკო ფელსი ასეთ დასკვნას აკეთებს: „თანამედროვე ომის წარმოებისთვის კოსმოსური სივრცის გამოყენება იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მომავალში დიდ სახელმწიფოებს შორის მოსალოდნელი სამხედრო კონფლიქტები აუცილებლად კოსმოსურ ორბიტაზეც გადაინაცვლებს“.

აშშ-მა ახლახან პირველად დაადასტურა, რომ კოსმოსში იარაღი განათავსა. ასეთ იარაღს, სავარაუდოდ, რუსეთი და ჩინეთიც ქმნიან. კონკრეტულად რომელს? ეს მკაცრად გასაიდუმლოებულია. „კოსმოსური იარაღის“ ცნებას საერთაშორისო სამართალი მკაფიოდ არ განსაზღვრავს. ეს სპექტრი გულისხმობს ლაზერებს, ელექტრომაგნიტური ჩახშობის სისტემებს, მექანიკური დამჭერებით აღჭურვილ თანამგზავრებს, რაკეტებს, ბირთვულ აფეთქებებს…

ნამსხვრევი ხელყუმბარის ენერგიით

კოსმოსში მიმდინარე გამალებული შეიარაღების დილემა სტრუქტურული ხასიათისაა. ჩაძირული ხომალდი ფსკერისკენ მიდის, განადგურებული თანამგზავრი კი ათასობით ნამსხვრევს წარმოქმნის, რომლებიც ორბიტაზე წამში შვიდი კილომეტრის სიჩქარით მოძრაობენ. ამრიგად, თითოეული 1-სანტიმეტრიანი ნაწილი ხელყუმბარის კინეტიკურ ენერგიას ატარებს.

თუ ეს ნამსხვრევები სხვა თანამგზავრებს დაეჯახება, დაიწყება ჯაჭვური რეაქცია, რომელსაც „კესლერის სინდრომს“ უწოდებენ. დედამიწის დაბალი ორბიტა, მრავალი წლის განმავლობაში, გამოსაყენებლად უვარგისი გახდება. თანაც, ყველასთვის – იმის მიუხედავად, ვინ იყო დამნაშავე.

ხშირად სათანადოდ ვერ აფასებენ, თუ რა გავლენას იქონიებს ყოველივე ეს ყოველდღიურ ცხოვრებაზე: GPS-ი მხოლოდ ნავიგაციისთვის საჭირო კოორდინატებს კი არ გვაწვდის, არამედ საბანკო სისტემისთვის აუცილებელი ზუსტი დროის სტანდარტის უზრუნველყოფაშიც მონაწილეობს. GPS-ის გარეშე ვერც საბანკო ბარათებს გამოვიყენებთ და ვერც საფონდო ბირჟაზე განვახორციელებთ ვაჭრობას. ელექტროქსელები თავიანთი 50-ჰერციანი სიხშირის სინქრონიზაციისთვის სწორედ GPS-ის სიგნალებს იყენებენ.

თანამგზავრული ინფრასტრუქტურის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში, მთელ ევროპას ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის საფრთხე დაემუქრება. ფელსი ამ სცენარს „კოსმოსურ კოლაფსს“ უწოდებს, რომელსაც ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვება არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური თვალსაზრისითაც.

გერმანიის ბუნდესვერის კოსმოსური სარდლობის ჩამოყალიბებისას, აქცენტი კეთდება დამაბრკოლებელ მოწყობილობებზე, ლაზერებსა და სადაზვერვო თანამგზავრებზე, რომლებიც სხვა თანამგზავრების მდგომარეობას და მოქმედებებს აკვირდებიან. გერმანია შეგნებულად ერიდება ისეთი იარაღის შექმნას, რომლის გამოყენებაც კოსმოსურ ნარჩენებს წარმოქმნის.

კოსმოსური სარდლობის მეთაური, გენერალ-მაიორი მიხაელ ტრაუტი, ამ დილემას რომაელი გლადიატორის მაგალითზე ხსნის, რომელიც არენაზე მხოლოდ ფარით გადის: შეკავებას, თავდაცვითთან ერთად, შეტევითი კომპონენტებიც სჭირდება. „ცუდი სამხედრო ვიქნებოდი, ეს ვარიანტი რომ არ განმეხილა“, – განაცხადა ტრაუტმა აგვისტოში გადაცემაში „7 კითხვა მომავალზე“.

ტექნოლოგიური ნახტომი, როგორც შესაძლებლობა: შეძლებს თუ არა ევროპა ჩამორჩენის დაძლევას?

ძალთა ბალანსი მკვეთრად განსხვავებულია: ილონ მასკის კომპანია „სტარლინკი“ 10 000-ზე მეტ თანამგზავრს მართავს, ხოლო აშშ-ის სამხედროები ამ ქსელის ბაზაზე საიდუმლო სადაზვერვო სისტემა Starshield-ს ქმნიან. ჩინეთი უდიდესი მასშტაბის, 13 000 თანამგზავრისგან შემდგარი სისტემა Guowang-ის შექმნას აპირებს. გერმანიას კი, სამოქალაქო და სამხედრო თანამგზავრების ჩათვლით, დაახლოებით 80 თანამგზავრი გააჩნია.

როდესაც ევროკავშირმა ევროპელი პროვაიდერებისთვის სიხშირული ზოლების დაჯავშნა მოინდომა, აშშ „გამანადგურებელი საპასუხო ზომებით“ ღიად დაემუქრა. მოკავშირეებს შორისაც კი ორბიტაზე ერთი პრინციპი მოქმედებს: ვინც სიხშირეებსა და ორბიტებს იკავებს, წესებსაც ის ადგენს.

ბალჰაიმერი მოუწოდებს ევროპას, რომ უბრალოდ არ დააკოპიროს ის, რაც „სფეის იქსმა“ უკვე შექმნა. ევროპის ერთადერთი შანსი ტექნოლოგიური ნახტომია – რამდენიმე თაობის ტექნოლოგიის გამოტოვება და უფრო მოწინავე ტექნოლოგიებზე გადასვლა.

ევროპის კოსმოსური ბაზებიდან გასაშვები მცირე ზომის რაკეტები და კოსმოსური აპარატები, რომლებსაც აფრენა ნებისმიერი აეროპორტიდან შეეძლებათ – სწორედ ეს არის მომავალი თაობის ტექნოლოგიები, რომლებიც ევროპას საშუალებას მისცემს, კოსმოსურ სფეროში კვლავ კონკურენტუნარიანი გახდეს და მუდმივად ჩამორჩენის ნაცვლად, სხვა წამყვან მოთამაშეებს გაუტოლდეს.

ფელსი ანგარიშობს, რა არის ამისთვის საჭირო: გერმანიის შეიარაღებული ძალები 2040 წლამდე დაახლოებით 100 მილიარდი ევროს ინვესტირებას გეგმავენ, რათა კოსმოსში საკუთარი 1 200-მდე თანამგზავრი ჰყავდეთ. მართალია, ეს დიდი თანხაა, მაგრამ ფელსის შეფასებით და კოსმოსური ორბიტის სტრატეგიული მნიშვნელობის გათვალისწინებით, „უაღრესად გონივრული ინვესტიციაა“.

ისინი კი, ვინც კოსმოსში საკუთარი ინტერესების დაცვას ვერ შეძლებენ, საგანგებო სიტუაციის დროს სრულიად დაუცველნი, უსუსურნი და „ბრმები იქნებიან.

სტატიის ავტორი: დომინიკ პოსოხი, „ბავარიის რადიო“ (BR24 – Bayerischer Rundfunk)

ფოტო: AFP PHOTO / HANDOUT / SPACEX

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 23 ოქტომბერი, 2026 წელი, 09:37 (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო)

მსგავსი