ფიფამ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის გახსნის მატჩის არბიტრები გამოაცხადა. რუსეთისა და საუდის არაბეთის შეხვედრის მთავარი მსაჯი იქნება არგენტინელი ნესტორ პიტანა. მას დაეხმარებიან თანამემამულეები – ხუან პაბლო ბელიატი და ერნან მაიდანა. მეოთხე მსაჯად დანიშნულია ბრაზილიელი სანდრო რიჩი.
ვიდეოარბიტრების ბრიგადას შეადგენენ: მასიმილიანო ირატი (იტალია), მაურო ვილიანო (არგენტინა), კარლოს ასტროსა (ჩილე) და დანიელე ორსატო (იტალია).
პიტანა ფიფას არბიტრია 2010 წლიდან. ის მუშაობდა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე, სადაც რუსეთის ნაკრების ერთი მატჩი იმსაჯა – სამხრეთ კორეის (1:1) წინააღმდეგ. არგენტინელი აგრეთვე მუშაობდა 2017 წლის კონფედერაციათა თასზე.
მსოფლიოს ჩემპიონატზე გახსნის მატჩი 14 ივნისს, მოსკოვში „ლუჟნიკების“ სტადიონზე თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.