UNICEF-მა საქართველოში ბავშვთა უფლებების კონვენციის ხელმოწერის დღე აღნიშნა
UNICEF-მა საქართველოში ბავშვთა უფლებების კონვენციის ხელმოწერის დღე აღნიშნა

მსოფლიოში ბავშვთა უფლებების კონვენციის ხელმოწერის დღე აღინიშნება. სპეციალურად თარიღთან დაკავშირებით UNICEF-მა საქართველოში ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ჩატარებული კამპანია შეაჯამა. კამპანია დისკუსიებს, ღია კლასებს, პედაგოგებთან და მშობლებთან შეხვედრებს მოიცავდა, სადაც ბავშვთა მიმართ ძალადობის უარყოფითი გავლენები განიხილეს და აღნიშნეს, რომ ბავშვის მიმართ ძალადობრივი მიდგომა ხშირად სოციალურ ნორმად განიხილება.

„დღეს ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენციის ხელმოწერის დღეა. ამ დღეს გაერო მოუწოდებს ყველას, რომ გახდნენ ლურჯები, რათა მიექცეს ყურადღება ყველაზე მეტად დაუცველ ბავშვებს. საქართველოში ჩვენი კამპანიის მიზანი იყო, გავლენა მოგვეხდინა იმ მავნე სოციალურ ნორმებზე, რომელიც ბავშვთა მიმართ ძალადობას უკავშირდება. ბავშვების ნომერ პირველი უფლებაა სიცოცხლის უფლება, აგრეთვე უფლება, მიიღონ განათლება, შეძლონ განვითარება, იცხოვრონ ძალადობის გარეშე. მართალია, საქართველოს მთავრობამ ამ საკითხების მოსაგვარებლად გარკვეული ნაბიჯები გადადგა, თუმცა ჯერ კიდევ რჩება გამოწვევები, როგორიცაა მაგალითად ბავშვების სიღარიბე“, – აღნიშნავს UNICEF-ის ქართული ოფისის ხელმძღვანელი, ღასან ხალილი.

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ბავშვთა საკითხები მსოფლიოს დღის წესრიგში აღარ არის, სწორედ ამიტომ, წელს ორგანიზაცია თარიღს ახალი კამპანიით ხვდება, „გახადე მსოფლიო ლურჯი“ – კამპანია UNICEF-ის იდეოლოგიის გაზიარებას გულისხმობს. მასში ცნობილი ადამიანებიც არიან ჩართული, რომელთა მოწოდება სპეციალური პეტიციის შევსებაა, რომლითაც მსოფლიო ლიდერებს მოუწოდებენ, ბავშვთა საკითხებით მეტად დაინტერესდნენ.

სპეციალურად თარიღთან დაკავშირებით, თბილისის ანძა ლურჯ ფერში განათდა.