გაიზარდა ქრონიკული და ონკოლოგიური მედიკამენტების ჩამონათვალი, რომლებზეც ფასის ზედა ზღვარი მოქმედებს
გაიზარდა ქრონიკული და ონკოლოგიური მედიკამენტების ჩამონათვალი, რომლებზეც ფასის ზედა ზღვარი მოქმედებს

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გაიზარდა წამლების ჩამონათვალი, რომლებზეც რეფერენტული ფასი მოქმედებს. მათივე ცნობით, ფასის ზედა ზღვარი 1 600-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზეა განისაზღვრული.

„რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმი წლის ბოლომდე 7000-მდე მედიკამენტზე გავრცელდება. რეფორმის მიზანი ქვეყანაში წამლის ღირებულების შემცირებაა. ცვლილების მიხედვით, ფარმაცევტულმა კომპანიებმა დადგენილი ფასებით უნდა იხელმძღვანელონ. იმ შემთხვევაში, თუ აფთიაქები მედიკამენტებს აღნიშნულ ფასზე ძვირად გაყიდიან, დაჯარიმდებიან“, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, მოსახლეობისთვის წამლებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, სახელმწიფომ ქრონიკული და ონკოლოგიური მედიკამენტების ღირებულების ის მაქსიმალური ზღვარი დაადგინა, რომელზე მაღალ ფასადაც მათი რეალიზაცია აიკრძალა. ცვლილების შედეგად, ფარმაცევტული პროდუქტის ფასი საშუალოდ 40%-ით შემცირდება. მედიკამენტების ჩამონათვალისა და მაქსიმალური ზღვრული ფასის შესახებ ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ბმულზე.