გაირკვა ქართული გუნდების სავარაუდო მეტოქეები ევროტურნირების მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე
გაირკვა ქართული საფეხბურთო გუნდების სავარაუდო მეტოქეების ვინაობა ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპებზე.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციოზე საქართველოს ჩემპიონი „საბურთალო“ მოლდოვურ „შერიფს“ ეთამაშება. გამარჯვების შემთხვევაში, თბილისელები ხორვატიის ჩემპიონ ზაგრების „დინამოს“ დაუპირისპირდებიან, ხოლო თუ „შერიფის“ ბარიერი ვერ გადალახეს, ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაინაცვლებენ და აზერბაიჯანის „ყარაბახსა“ და ალბანურ „პარტიზანს“ შორის დამარცხებულს შეხვდებიან.
რაც შეეხება ევროპა ლიგას, აქ „დინამო თბილისის“ პირველი მეტოქე სან მარინოს „ფიორიტასა“ და ანდორის „ენგორდანს“ შორის გამარჯვებული იქნება, საჩხერის „ჩიხურა“ ლუქსემბურგის „ფოლა ეშს“ ხვდება, ხოლო ქუთაისის „ტორპედო“ – ყაზახურ „ორდაბასის“, რომლის მთავარი მწვრთბელი კახაბერ ცხადაძეა.
პირველი ეტაპის გადალახვის შემთხვევაში, თბილისის „დინამო“ თავის ძველ ნაცნობს, აზერბაიჯანულ „გაბალას“ დაუპირისპირდება, ქუთაისის „ტორპედო“ – ჩეხურ „მლადა ბოლესლავს“, ხოლო „ჩიხურა“ – შოტლანდიურ „აბერდინსა“ და ფინურ „როვანიემის“ შორის გამარჯვებულს.
მატჩების განრიგი:
ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო – 9 ან 10 ივლისი, 16 ან 17 ივლისი.
ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო – 23 ან 24 ივლისი, 30 ან 31 ივლისი
ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო – 11 ივლისი, 18 ივლისი
ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო – 25 ივლისი, 1 აგვისტო