გაგრის „დინამო“ ფუტსალში საქართველოს ქალთა ლიგის გამარჯვებულია #1TVSPORT
გაგრის „დინამო“ ფუტსალში საქართველოს 2023/2024 წლის სეზონის გამარჯვებულია. გუნდმა ფინალში „ნორჩი დინამო“ 5:4 დაამარცხა და ტიტულს პირველად დაეუფლა.
თბილისის სპორტკომპლექს „არენა 2“-ში გამართული დაპირისპირება დაძაბული გამოვიდა. ახალგაზრდული შემადგენლობის მიუხედავად, „ნორჩმა დინამომ“ ფუტსალის ქალთა ლიგის ფინალში გაგრის „დინამოს“ დიდი წინააღმდეგობა გაუწია და მხოლოდ დამატებით დროში დამარცხდა.
ქალთა ლიგის 2023/2024 წლის საუკეთესო მწვრთნელად გამარჯვებული გუნდის დამრიგებელი დავით თაქთაქიშვილი დაასახელეს, რომელმაც გუნდი 26 წლის შემდეგ აღადგინა და პირველივე სეზონში ტიტული მოიპოვა.
„ეს ტიტული ჩვენი კლუბისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, რადგან გუნდი დიდი ხნის შემდეგ აღვადგინეთ. იმედი მაქვს, საქართველოს ჩემპიონატშიც წარმატებით ვითამაშებთ, ქართულ ფეხბურთს წარმატებებს მოვუტანთ და ქვეყანას ბევრ ნიჭიერ მოთამაშეს აღვუზრდით“, – განაცხადა პირველ არხთან დავით თაქთაქიშვილმა.
ტურნირის ნომინაციები:
საუკეთესო ფეხბურთელი – ანანო წიქარიძე („ნორჩი დინამო“)
ბომბარდირი – ანასტასია ბოლქვაძე 24 გოლით („გაგრის დინამო“)
საუკეთესო მეკარე – სალომე ხაჭაპურიძე („ნორჩი დინამო“)
მცველი – ელიზაბეტ რიჟამაძე („კვარტალი“)
უნივერსალი – მეგი ეჯიბია („გაგრის დინამო“)
თავდამსხმელი – ანანო წიქარიძე („ნორჩი დინამო“)
საუკეთესო მწვრთნელი – დავით თაქთაქიშვილი („გაგრის დინამო“)