„გაგრას“ წინააღმდეგ ბათუმის „დინამოს“ ესპანელმა თავდამსხმელმა ქულა მოუტანა #1TVSPORT
„გაგრას“ წინააღმდეგ ბათუმის „დინამოს“ ესპანელმა თავდამსხმელმა ქულა მოუტანა #1TVSPORT

ეროვნული ლიგის მატჩში „გაგრამ“ ერთ-ერთ ლიდერს, ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა და გამარჯვება ბოლო წუთზე გაშვებული გოლით ხელიდან გაუშვა — 1:1.

დაპირისპირება „დავით პეტრიაშვილი არენაზე“ გაიმართა და საკმაოდ დაძაბული გამოდგა. მასპინძლები 42-ე წუთზე დაწინაურდნენ — ლევან გეგეჩკორის გადაცემით გუნდის 19 წლის ბრაზილიელი ლეგიონერი, პეტრო ბორხესი დასარტყმელ პოზიციაზე გავიდა და ანგარიში გახსნა.

ბათუმელებმა შეტევებს მოუმატეს და მიზანს მხოლოდ 90-ე წუთზე მიაღწიეს. საჯარიმოს შესრულების შემდეგ „გაგრას“ საჯარიმოში არეულობით სტუმართა ესპანელმა ლეგიონერმა, ჯალენ ბლესამ ისარგებლა და ახლო მანძილიდან დარტყმით წონასწორობა აღადგინა — 1:1.

12 ტურის შემდეგ ბათუმის „დინამომ“ ეროვნულ ლიგაში 24 ქულა დააგროვა და ლიდერ „იბერიასთან“ (30) ჩამორჩენა 6 ქულამდე შეამცირა. რაც შეეხება „გაგრას“, 11 ქულით მე-7 პოზიციას იკავებს.