„გაგრამ“ საჩხერეში მოიგო - ლიგა 2-ის ლიდერი კონფერენსლიგის მატჩებზე გადაერთვება #1TVSPORT
„გაგრამ“ საჩხერეში მოიგო - ლიგა 2-ის ლიდერი კონფერენსლიგის მატჩებზე გადაერთვება #1TVSPORT

ეროვნული ლიგა 2-ის მე-20 ტური „ივანწმინდა არენაზე“ დაიწყო, სადაც საჩხერის „ჩიხურამ“ „გაგრას“ უმასპინძლა და დიდი ანგარიშით დამარცხდა.

„ჩიხურასთან“ დაპირისპირებაში „გაგრადან“ დუბლით თავი თამაზ მაქაცარიამ (40, 72) გამოიჩინა, თითო გოლი კი გიორგი ვეკუას (44) და ივანე ხაბელაშვილის (66) ანგარიშზეა. აღსანიშნავია, რომ ორი საგოლე გადაცემა თემურ მარკოზაშვილმა შეასრულა. ამ დუბლით თამაზ მაქაცარიამ დაიბრუნა ბომბარდირთა დავაში ლიდერობა, რომელიც მეორე წრეში ტრავმის გამო დაკარგა. მან 11 მატჩში 12 გოლი გაიტანა. მარტვილის „მერანის“ მალელ თავდამსხმელ სეიკნე სილასა (17 მატჩში) და ბოლნისის „სიონის“ ნახევარმცველ დათა სიჭინავას (19 მატჩში) ანგარიშზე 11-11 გოლია.

 

მე-20 ტურის დანარჩენი მატჩები ორშაბათს, 5 ივლისს გაიმართება:

სიონი – დინამო ზგ

18:00. თამაზ სტეფანია – ბოლნისი

მერანი მრ – მერანი თბ

18:00. მურთაზ ხურცილავა – მარტვილი

გარეჯი – რუსთავი

18:00. ცენტრალური – საგარეჯო

ვიტ ჯორჯია – შევარდენი 1906

18:00. გლდანის საფეხბურთო ცენტრი – თბილისი

საფეხბურთო კლუბმა „გაგრამ“ ტურის მატჩი 4 დღით ადრე იმიტომ ჩაატარა, რომ კონფერენსლიგის შეხვედრებისთვის ემზადება. გუნდი 6 ივლისს პოდგორიცაში გაემგზავრება, სადაც 8 ივლისს, პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში, მონტენეგროს ვიცე-ჩემპიონ „სუტიესკას“ დაუპირისპირდება. საპასუხო შეხვედრას კი გაგრელები, ერთი კვირის თავზე, 15 ივლისს უკვე თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართავენ.