გაგა კირკიტაძემ „სიონი“ დატოვა - გუნდს ჯაბა უგულავა გაწვრთნის #1TVSPORT
ბოლნისის „სიონის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი გაგა კირკიტაძემ დატოვა. ბოლნისელებს „დინამო თბილისი 2“-ის წინააღმდეგ გუნდის ყოფილი თავდამსხმელი, ჯაბა უგულავა უხელმძღვანელებს.
ეროვნული ლიგა 2-ის ერთ-ერთი ლიდერის მწვრთნელად გაგა კირკიტაძე 18 ივნისს გიორგი დევდარიანის ნაცვლად დაინიშნა. 36 წლის სპეციალისტს გულშემატკივარი „გაგრაში“ მუშაობის პერიოდიდან იცნობს, რომელსაც 2019 წლის დეკემბრიდან 2023 წლის ივლისამდე ავარჯიშებდა. „გაგრამ“ მისი მწვრთნელობის დროს მეორედ მოიგო საქართველოს თასი და უმაღლეს ლიგაში დაბრუნდა.
ამ დროისთვის „სიონი“ ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშებაში 42 ქულით მესამე ადგილზეა და ლიდერ „რუსთავს“ 5 ქულით ჩამორჩება, ხოლო საგარეჯოს „გარეჯს“ – 3 ქულით. ბოლნისური კლუბის ხელმძღვანელობის მიზანი ეროვნულ ლიგაში დაბრუნებაა.