გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ციფრული მმართველობის სააგენტოს საქმიანობას გაეცნო
გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ციფრული მმართველობის სააგენტოს საქმიანობას გაეცნო

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლევერლი საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ციფრული მმართველობის სააგენტოს ეწვია.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, მაღალი რანგის სტუმარი ადგილზე გაეცნო კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფის საქმიანობის სპეციფიკას და ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის მონიტორინგის სისტემებს.

შეხვედრაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ერეკლე ღვინიანიძემ და ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარემ, დავით ნადირაშვილმა სტუმარს ბრიტანეთისა და საქართველოს კიბერუსაფრთხოების პარტნიორობის პროგრამის მეშვეობით გაწეული მხარდაჭერის გამო მადლობა გადაუხადეს.

პროგრამის ფარგლებში საქართველო ბრიტანეთისგან იღებს მხარდაჭერას კიბერუსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის იმპლემენტაციის, ინფორმაციის გაზიარების უწყებათაშორისი ჩარჩოს შემუშავების, საჯარო-კერძო თანამშრომლობის განვითარებისა და კიბერსაფრთხეების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიმართულებებით.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი სოფიო ქაცარავა, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი გივი თუმანიშვილი და მისი მოადგილე გიორგი ღიბრაძე.

ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.