გაერთიანებული სამეფო უკრაინას 50 მილიონი ფუნტის ოდენობით ახალი სამხედრო დახმარების პაკეტს გამოუყოფს
გაერთიანებული სამეფო უკრაინას 50 მილიონი ფუნტის ოდენობით ახალი სამხედრო დახმარების პაკეტს გამოუყოფს

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი კიევში ჩავიდა, სადაც ის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

სუნაკმა 50 მილიონი ფუნტის ოდენობით ახალი სამხედრო დახმარების პაკეტის შესახებ განაცხადა. როგორც გაერთიანებული სამეფოს პრემიერმა აღნიშნა, მასში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემები და რადარები იქნება გათვალისწინებული.

„მხოლოდ წელს ჩვენ 2.3 მილიარდი ფუნტის ოდენობით სამხედრო მხარდაჭერა უზრუნველვყავით და ამას მომდევნო წელსაც გავაკეთებთ. როდესაც თქვენ წარმატებით ახევინებთ უკან რუსულ ძალებს, თქვენი სახლები, საავადმყოფოები და ელექტროსადგურები ჰაერიდან ნადგურდება. ასე რომ, იმისთვის, რომ დაგეხმაროთ თავის დაცვაში, დღეს ჩვენ გადმოგცემთ საჰაერო თავდაცვის სისტემებს, მათ შორის 120 საზენიტო იარაღს, რადარებსა და დრონის საწინააღმდეგო აღჭურვილობას”,- განაცხადა სუნაკმა.

პრემიერ-მინისტრის რანგში ეს რიში სუნაკის პირველი ვიზიტია უკრაინაში.