გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის ახალი სახეობა აღმოაჩინეს

გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის ახალი სახეობა აღმოაჩინეს, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

როგორც გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის მდივანმა, მეთ ჰენკოკმა განაცხადა, ინგლისში 60-მდე ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაადასტურა კორონავირუსის ახალი სახეობის შედეგად გამოწვეული ინფექციის არსებობა. მეთ ჰენკოკის თქმით, ამის შესახებ უკვე ინფორმირებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და მიმდინარეობს დეტალური კვლევა.

როგორც ჯანდაცვის მდივანი აღნიშნავს, ამ დროისთვის ვარაუდი იმისა, რომ კორონავირუსის ახალი სახეობა უფრო მწვავე დაავადებას იწვევს ან ვაქცინა აღარ გამოგვადგება, უსაფუძვლოა.

თემთა პალატის წევრების ინფორმირებისას, მეთ ჰენკოკმა აღნიშნა, რომ გასულ კვირას მკვეთრი ზრდა შეინიშნებოდა ლონდონში, კენტში და ესექსისა და ჰერთფორდშირის გარკვეულ ტერიტორიებზე.

„ჩვენ ამჟამად 1000-ზე მეტი შემთხვევის იდენტიფიცირება შევძელით, ძირითადად ინგლისის სამხრეთით, თუმცა შემთხვევები იდენტიფიცირებულია 60-მდე სხვადასხვა მხარეში. ჩვენ არ ვიცით, ეს რამდენად ხდება ახალი სახეობის გამო, თუმცა მისი მიზეზის მიუხედავად, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ სწრაფად და გადამწყვეტად, რაც ამ მომაკვდინებელი დაავადების კონტროლისთვის აუცილებელია, ვიდრე ვაქცინა დამკვიდრდება“, – განაცხადა მეთ ჰენკოკმა.