გაეროში იერუსალიმის სტატუსზე დაგეგმილი კენჭისყრის წინ ტრამპი იმ ქვეყნებს დაემუქრა, რომლებიც დახმარებას აშშ-ისგან იღებენ
გაეროში იერუსალიმის სტატუსზე დაგეგმილი კენჭისყრის წინ ტრამპი იმ ქვეყნებს დაემუქრა, რომლებიც დახმარებას აშშ-ისგან იღებენ

იერუსალიმის სტატუსზე გაეროში დაგეგმილი კენჭისყრის წინ დონალდ ტრამპი იმ ქვეყნებს დაემუქრა, რომლებიც დახმარებას აშშ-ისგან იღებენ.

„ისინი ასობით მილიონობით, მილიარდობით დოლარს იღებენ ჩვენგან და შემდეგ ხმას ჩვენ წინააღმდეგ აძლევენ. მიეცით უფლება ასე მოიქცნენ, ჩვენ უფრო მეტ თანხას დავზოგავთ” – განაცხადა პრეზიდენტმა.

იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებით რეზოლუციაში, რომელსაც კენჭი ხვალ გენერალურ ასამბლეაზე უნდა უყარონ, აშშ ნახსენები არ არის, თუმცა დოკუმენტში წერია, რომ წმინდა ქალაქის სტატუსის შეცვლას კანონიერი ძალა არ უნდა ჰქონდეს.

მანამდე გაეროში აშშ-ის ელჩმა განაცხადა, რომ ტრამპისგან მიიღო დავალება, ჩაინიშნოს ის ქვეყნები, რომლებიც ხმას აშშ-ის წინააღმდეგ მისცემენ.

“პრეზიდენტი ამ კენჭისყრას ყურადღებით მიადევნებს თვალს. ჩვენ თითოეულ ხმას ჩავინიშნავთ” – განაცხადა გაეროში აშშ-ის წარმომადგენელმა ნიკი ჰეილიმ.

ტრამპმა დეკემბრის დასაწყისში იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა, რასაც მსოფლიოს მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. გაეროს უშიშროების საბჭოზე კენჭი უყარეს რეზოლუციას, რომელშიც წმინდა ქალაქის სტატუსის შეცვლა უკანონოდ უნდა გამოცხადებულიყო.

დოკუმენტს მხარი საბჭოს 14 წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო აშშ-ი, რომელიც ვეტოს უფლებით სარგებლობს.

ამის გამო დაინიშნა გაეროს გენერალური ასამბლეის საგანგებო სხდომა, რომელზეც იგივე რეზოლუციას 193 ქვეყანა უყრის კენჭს.